BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა: „ლარი საკმაოდ ჯანსაღი და მყარი ვალუტაა“

ჩვენი ეკონომიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი და მყარი ვალუტაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსის ბოლო 2-დღიან გამყარებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას 20 ივნისის მოვლენებს უკავშირებს. 

“რეალურად ლარის კურსის რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, მოჰყვა დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტის შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში, ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლია საკმაოდ ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ. 

მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ტენდენციები არ არის განგრძობადი და ჩვენი ეკონომიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი და მყარი ვალუტაა. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გამყარდეს. ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში გარკვეული კორექტივები განახორციელოს. აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად ამასთან დაკავშირებით, ლარის კურსი გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისა”,- განაცხადა ნათია თურნავამ.
943