BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთის 3 პირობა ავიამიმოსვლის აღდგენისთვის

"რუსეთი ჯერ კიდევ განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა ვიზების გაუქმების შესაძლებლობას’’, - განცხადება ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან“ გააკეთა. 

კარასინის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია, თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზაციით და მზად არის მოლაპარაკებებისთვისაც, თუ მსგავსი სურვილი ქართული მხარესაც ექნება. 

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი რუსეთის მთავრობის თვალთახედვის არეშია. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალური ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, ამ საკითხს ორმხრივ დღის წესრიგში დააბრუნებს”, - განაცხადა კარასინმა. 

რუსი დიპლომატი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს გონიერებას და შეასრულებს სამ პირობას ქვეყანაში ავიამიმოსვლის აღსადგენად. 

„პირობები მკვეთრად გამოხატულია - საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიის კამპანიის დასრულება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა. ეს სრულად ჩამოყალიბებული და ადეკვატური რეაქციაა”, - დასძენს კარასინი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლები ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით შეჩერდა.

bm.ge

424