BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ირაკლი ლექვინაძე: 2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები გაითვალისწინეს

ირაკლი ლექვინაძემ  მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში  მეწარმეების მომართვის საფუძველზე  171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.  

„2019 წლის 6 თვეში  42 საქმეზე დავასრულეთ  მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სრულად იქნა  დაკმაყოფილებული ბიზნესომბუდსმენის დასკვნა  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით. შედეგად,  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2011 წლის 23 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაგზავნილ რეკომენდაციებს და დასკვნებს შორისაა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ შენიშვნები. ასევე -  საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  დასკვნა,  „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.

„საქართველოს პარლამენტმა  რიგ შემთხვევებში გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით,  და შედეგად, დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ.  ასევე -გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  დასკვნა,  „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ და შედეგად ტექნიკურ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე  პლასტიკის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება რეალიზაცია.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან  ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა- 60%, შემდეგ მოდის აჭარა - 20%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.  

198