BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბახტაძე პუტინის განცხადებაზე: ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია

ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია; ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ. 

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. 

ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი - საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს - ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. 

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა. 

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო - მეგობრებო ახლა არის კონსოლიდაციის დრო და ნამდვილად არ არის პოლარიზაციის დრო. პოლარიზაცია არის ის, რაც საქართველოს ხდის ადვილ სამიზნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება. 

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

 
ipn
684