BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

Galt & Taggart: რუსეთის მიერ ღვინის ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, ქართული ეკონომიკა $60 მლნ დაკარგავს

Galt & Taggart-ის პროგნოზით, რუსეთის მიერ ღვინის ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, ქართული ეკონომიკა დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარს დაკარგავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განუცხადა. 

"შარშან საქართველომ ექსპორტზე დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 120 მლნ რუსეთზე მოდიოდა. დღეს აკრძალვა თუ ამუშავდა, ჩვენი ანალიზით, ეკონომიკას დაახლოებით 60 მლნ დოლარი დააკლდება. ეს დიდი დარტყმაა ინდუსტრიისთვის, გლობალურად ბაზრის დაახლოებით 50% ქრება, თუმცა უნდა ითქვას ერთი, რომ 2006 წელს, როცა იგივე ტიპის ემბარგო მოხდა, ბაზარი დაახლოებით 90-95%-ით იყო დამოკიდებული რუსეთზე. 

დღეს სხვა მდგომარეობაა. ჩვენი დამოკიდებულება მხოლოდ 60%-ია, თუმცა მაინც მაღალია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კომპანიები საერთოდ სხვა მდგომარეობაში არიან - ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია და კომპანიები მდგრადია, ამიტომ მე მგონია, რომ დღეს უფრო მარტივად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, ვიდრე ვიყავით 2006 წელს, თუმცა მაშინაც დაგვჭირდა ოთხი წელიწადი მაინც, რომ იგივე დონეზე ამოვსულიყავით", - განაცხადა შარიქაძემ. 

ამ ვითარებაში Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში აუცილებელია მოკლევადიანი გეგმის შემუშავება, რათა კომპანიებმა ღვინის რეალიზება შეძლონ, შემდეგ კი - ექსპორტის დივერსიფიკაცია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს შემოღებას მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა.
691