BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რომელი პროდუქტები გაძვირდა ივნისში და რომელი გაიაფდა?!

2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ  4.3% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9%-იანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -1.23 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9%), ხილი და ყურძენი (-5.8%). ამასთან, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (1.3%), ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (0.7%);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9%-იანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.1%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.0%);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.9%)

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (13.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9%), პური და პურპროდუქტები (11.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.4%), რძე, ყველი და კვერცხი (6.1%), მინერალური და წყაროს წყალი (4.3%), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.1%-ით, რაც 1.33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (42.7%);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2%-იანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1%); დასვენება,

გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.0%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9%-ით, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.0%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7%).

500