BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა: „მივესალმებით პროექტებს, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობას გაზრდის“

„მივესალმებით პროექტებს, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობას გაზრდის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი MIR Corporation , რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ახორციელებს ტურისტების შემოყვანას ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან, იწყებს ერთობლივ პროექტს National Geographic - თან სამოგზაურო ტურების მომზადების შესახებ. აღნიშნული სერვისის მომხმარებლები ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, ახალი ზელანდია და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან. კომპანია ტურისტებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტებს შესთავაზებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს ტურიზმის სექტორი გამოწვევის წინაშეა.

„ჩვენ მივესალმებით ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც შეძლებს გაზარდოს საქართველოში ამერიკელი, კანადელი, ახალზელანდიელი და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას ინგლისურენოვან ქვეყნებში როგორც უნიკალური ბუნების, კულტურის, ღვინის და რაც მთავარია, უსაფრთხო ტურისტულ  მიმართულებას", - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს ტურისტების რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

541