BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

APM Terminals Poti: ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სავარაუდო პერიოდი 24-30 თვეა და მასში, ქართული სამუშაო ძალის გამოყენებაა დაგეგმილი

APM Terminals Poti განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო www.businesstime.ge უცვლელად გთავაზობთ:

როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება გაზრდის საქართველოში წარმოებული ბიზნესების კონკურენტულ უპირატესობას და ექნება პირდაპირი გავლენა მომხმარებლებზე. 

გამოყენებულ იქნება ფოთის საზღვაო ნავსადგურის არსებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ბაზები ფოთში, რომლის 41,000-იანი მოსახლეობა ეკონომიკურად სრულადაა დამოკიდებული ნავსადგურზე. 

„2018 წლის დასაწყისიდან, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროგრესული გეგმის შექმნა-განვითარებაზე თანამშრომლობა დაიწყო ქართულ პარტნიორთან - „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“. აღნიშნული გეგმის თანახმად, 1640-მეტრიანი დამცავი მოლი ახალ ნავსადგურს დაიცავს არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების უარყოფითი ზეგავლენისა და მდინარე რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალისაგან. ამასთან, 700-მეტრიანი ნავმისადგომი მოემსახურება უფრო დიდი ზომის და ეფექტურ სატვირთო გემებს, ხოლო 25 ჰექტარის ფართობის საკონტეინერო ტერიტორია შექმნის ტვირთნაკადის გაზრდისა და საქართველოს სარკინიგზო სისტემის უკეთ მომარაგებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებსაც. 

გაფართოების შემდეგ, ნავსადგურს ექნება საშუალება, მოემსახუროს 300 მეტრამდე სიგრძის გემებს 13.5-14.5 მეტრი სიღრმის მქონე ორ ნავმისადგომზე. 400-მეტრიანი ნავმისადგომი მოეწყობა - ნაყარი, 300 მეტრიანი ნავმისადგომი კი - კონტეინერიზებული ტვირთებისათვის. სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ამწეები, ნაყარი ტვირთების დასამუშავებელი სპეციალიზებული მტვირთველები და უშუალოდ ნავმისადგომის სიახლოვეს განლაგებული ტვირთების დასასაწყობებელი მოცულობითი ობიექტები საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პარტნიორი მომხმარებლებისთვის მთელს რეგიონში. ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე (ოცფუთიანი კონტეინერის ეკვივალენტი), ხოლო 60,000 ტონიან (პანამაქსის ტიპის) ნაყარი ტვირთის გემებს ნავსადგურის ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები გაუწევს ეფექტურ მომსახურებას. 

ჯამში, ნავსადგურის წლიური ტვირთების გამტარუნარიანობა დამატებით 10 მილიონი ტონით გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ახალი ნავსადგური მომხმარებლებისათვის, უფრო დიდი ზომის გემების მიღების შესაძლებლობით, ტვირთების დასაწყობების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით და მსოფლიო დონის საპორტო ოპერატორით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურებას და მოიზიდავს იმ ნაყარ ტვირთებს, რომლებიც ამჟამად არ მოძრაობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით. 
ტვირთმფლობელებისთვის გაიზრდება პოტენციური ბაზრები, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. მშენებლობის სავარაუდო პერიოდი 24-30 თვეა და მასში, მეტწილად, ქართული რესურსებისა და სამუშაო ძალის გამოყენებაა დაგეგმილი, რაც დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს ნიშნავს. მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს „ეიპიემ ტერმინალსის“ გამოცდილება და კომპეტენცია მსოფლიოს მასშტაბით დიდი ნავსადგურების მშენებლობაში. 

ამასთან, აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ხარჯი საქართველოს მთავრობისთვის პრაქტიკულად ნულოვანია. ურთიერთგაგების მემორანდუმი „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ შორის ძალაშია და მოლაპარაკებები აქტიურ, დასკვნით ფაზაშია შესული, იმ მოლოდინით, რომ საბოლოო შეთანხმება 2019 წლის მესამე კვარტალში იქნება მიღწეული. 

მშენებლობის ნებართვის მიღების სამსაფეხურიანი პროცესის პირველი ეტაპის შესახებ განაცხადი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედგინა 2018 წლის 11 ოქტომბერს, რომლის შესახებაც 2019 წლის 2 მაისს მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და გაუქმდა ამავე წლის 30 მაისს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

124