BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ივა ჭყონია ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე: „ბოლო წლების განმავლობაში ვერ ვიხსენებ მსგავს ხისტ პოლიტიკას“

„ბოლო წლების განმავლობაში ვერ ვიხსენებ მსგავს ხისტ პოლიტიკას ვერავის მხრიდან“, - ამის შესახებ „დისტრიბიუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“, გუშინ, ფინანსთა სამინსიტროში, მინისტრთან  „ოქროს სიაში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასოციაციების სახით დაახლოებით ბიზნესის 90% იყო წარმოდგენილი. ისინი მინისტრს პირდაპირ "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების გადავადებას სთხოვდნენ, რაზეც მაჭავარიანის მხრიდან მზაობა არ არის.
 
 
"ძალიან ხისტი პოლიტიკა იყო! ბოლო წლების განმავლობაში ვერ ვიხსენებ მსგავს ხისტ პოლიტიკას ვერავის მხრიდან“, - განაცხადა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ ჭყონიამ.
 
რატომ არ იყო დროულად ბიზნესი ინფორმირებული „ოქროს სიაში“ შესატან ცვლილებათან დაკავშირებით, ივა ჭყონიას თქმით, მინისტრმა აღნიშნულზე უპასუხა, რომ ის არ იყო ვალდებული ეცნობებინა ბიზნესისთვის აღნიშნული ცვლილებები.
 
„ეს არის მავნებლური გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, რადგან ცვლილებების აფიშირება 2-3 დღით ადრე მოხდა, ვიდრე ეს ძალაში შევიდოდა. ელემენტარულად კონსულტაციები უნდა ყოფილიყო ბიზნესთან და ცოტა ადრე გაეფრთხილებინათ. რაც ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო ფინანსთა მინისტრისგან ასეთი პასუხი მოვისმინეთ - ის არ იყო ვალდებული ბიზნესი საქმის კურსში ჩაეყენებინა. როგორც ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, საკანონმდებლო ორგანომ და სამსახურებმა ეს 2017 წლიდან იცოდნენო, ვინაიდან ეს მოთხოვნა ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ბიზნესები თანაბარ პირობებში ჩაყენებულიყო. მინისტრი თვლის, რომ ჩვენთვის უნდა მოემართა ექსპერტებს ან ჟურნალისტებს და მათ უნდა განემარტათ ეს ცვლილებები,  რაც ძალიან გასაკვირი პასუხი იყო. არანაირად არ ჩათვალა თავი ვალდებულად, რომ ჩვენთვის გარკვეული დროით ადრე მოემართა და განემარტათ დაგეგმილი ცვლილებები. ეს ჩემი აზრით, საერთოდ მოკლებულია აზრს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბიზნესის განვითარებაზე“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.   
 
371