BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რომელი სექტორებია თბილისში საინვესტიციოდ მიმზიდველი

რომელი სექტორებია თბილისში საინვესტიციოდ მიმზიდველი და დედაქალაქის ეკონმიკის რომელ სექტორებს ესაჭიროებათ განვითარება, - ამის შესახებ კომპანია „Deloitte საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა.

კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.

კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის,  გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.

„Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.

თბილისის მერიის ეკონიმიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას განმარტებით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც თბილისში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.

„აღნიშნული კვლევა ემსახურება თბილისის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე, თბილისის ეკონომიკის დივერსიფიკაციას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს, რომ ინვესტირება მოხდეს ისეთ სექტორებსა და ქვესექტორებში, სადაც ზრდის მაღალი პოტენციალია. გამოკვეთილი სექტორებია ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, კრეატიული სექტორი. შესწავლილ იქნა ჯანდაცვის სექტორი - პლასტიკური ქირურგია, ასევე, ფარმაცევტიკა და გამოიკვეთა ბიდიოსექტორი ანუ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. კვლევაზე დაიხარჯა დაახლოებით, 160 000 ლარამდე. კვლევა საჯაროა, ის უკვე განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა ინვესტორისთვის,  ვინც ინვესტიციის ჩადებას აპირებს.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ინვესტორები, რათა მეტი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

310