BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

OPIC-ის პრეზიდენტი: „$50 მლნ-ის ინვესტირებას მოვახდენთ ფოთის პორტში“

„სულ ახლახანს, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ 50 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოვახდენთ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის პორტში, რაც რეგიონალური სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტი დევიდ ბოჰიგიანი.

მისი შეფასებით, საქართველო შავ ზღვაზე მნიშვნელოვან რეგიონალურ ჰაბს წარმოადგენს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ფოთის პორტის მენეჯმენტთან ერთად ვმუშაობთ, გვინდა, რომ ვიხილოთ უფრო მეტი ნედლეულისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადაზიდვები ამ პორტში. ეს საქართველოს ეკონომიკას ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება და ამასთან, ადგილობრივი პროდუქტების, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისა და სხვა პროდუქტების ექსპორტს შეუწყობს ხელს“, - ამბობს OPIC-ის პრეზიდენტი.

დევიდ ბოჰიგიანი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა OPIC-ის ბენეფიციართა შორის, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს.

„ჩემი აზრით, საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი იმ ქვეყნისა, სადაც ჩვენ ქვეყნის მთავრობას მის მიერ დასახული განვითარების მიზნების მიღწევაში ვეხმარებით. სწორედ ამიტომ, მე ვამაყობ, როდესაც თბილისში ჩავდივარ ან როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი OPIC-ის ოფისს სტუმრობს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა OPIC-ის ბენეფიციართა შორის, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში არსებობს გარემო, რომელიც ხელს უწყობს მეწარმოებას, ხელს უწყობს ანტერპრენიორებს და არის ამავდროულად, საკმაოდ კონკურენტუნარიანი სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. შესაბამისად, სწორედ ეს არის ასახული OPIC-ის საინვესტიციო პორტფელშიც. როგორც მახსოვს, მხოლოდ წელს უკვე 140 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შესახებ გვაქვს ხელი მოწერილი“, - ამბობს ბოჰიგიანი.

 

 

Bm.ge

457