BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მაისში, სამომხმარებლო კალათში შემავალ პროდუქტზე ფასები 4.7%-ით გაიზარდა

2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ  4.7% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წლიური ინფლაციის მონაცემების თანახმად, ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სასმომხმარებლო კალათში შემავალ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33.7%), თევზეული (13.5%), პური და პურპროდუქტები (11.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.2%), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-19.9%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1%-ით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.6%);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2%-იანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6%);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 4.6%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.4%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.0%-ით, რაც 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.6%).

რაც შეეხება ყოვეთვიური ინფლაციის მაჩვენებელს, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2%-იანი მატება, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.1%), ხილი და ყურძენი (7.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8%), ასევე თევზეული (1.2%). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-5.7%);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.9%-იანი მატება, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით, რაც თვის ინდექსზე აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.6%).

485