BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ზუგდიდში, საარჩევნოდ რესტორნებსა და სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

ზუგდიდში, წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში, როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „Business Time” კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ზუგდიდში მდებარე, სასტუმრო „გრანდ პალასის“ მენეჯერი სოფო ხარჩილავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე სასტუმრო სრულად შეივსო.

„ჩვენი სასტუმროს ნომრები წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში 80-90% დაკავებული იყო, ხოლო არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე სრულად იყო შევსებული. გვყავდა, როგორც პოლიტიკოსები, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბუნებრივია, რომ ზრდა პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო პერიდოს. მომართვიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 25-30%-ით გაიზარდა“, - განაცხადა სოფო ხარჩილავამ.  

Business Time-ი ასევე სასტუმრო „იბერია პალასის“ ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მათი ინფომრაციით, სტუმრების რაოდენობა წინასაარჩევნოდ 30%-მდე გაიზარდა.

„სასტუმროს ნომრები ძირითადად, ადგილობრივი სტუმრების მიერ იყო დაკავებული. რა თქმა უნდა, მათი ზუგდიდში ჩამოსვლის მიზეზი - არჩვენები წარმოადგენდა. თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, როდესაც არჩევნები არ ტარდებოდა, 30%-იანი ზრდა გვაქვს“, - აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.

საოჯახო სასტუმროს „თბილი სახლი ზუგდიდში“ ადმინისტრაციაში კი გვითხრეს, რომ არჩევნების პერიოდში ყველა ნომერი დაკავებული იყო.

„ჩვენს საოჯახო სასტუმროში, ისევე როგორც ზოგადად ზუგდიდში არსებულ სხვა განთავსების ობიექტებში, სრული დატვირთვა გვქონდა. იცით, საარჩევნო პერიოდში ხომ ქალაქში არც ერთი სასტუმრო და რესტორანი არ იყო თავისუფალი. შესაბამისად ჩვენი მცირე ზომის სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებული იყო“, - აგვიხსენეს საოჯახო სასტუმროს ადმინისტრაციაში.

ამასთან, სასტუროების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი მომხმარებლები სამუშაო მიზნებით იმყოფებოდნენ მათთან და მათი ვიზიტი ტურისტულ ხასიათს არ ატარებდა.

საინფორმაციო სააგენტო „Business Time” ზუგდიდში მდებარე რესტორნებსაც დაუკავშირდა. მათი განცხადებით, მომხმარებლების რაოდენობის მატება საგრძნობი იყო, რაც მათი შეფასებითაც საარჩევნო პერიოდს უკავშიდრებოდა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან მომხმარებელთა ნაკადის მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაიზარდა. აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო ტურისეტების რაოდენობა ამ პერიოდში ყოველწლიურად იმატებს, თუმცა წელს ადგილობრივების რიცხვმა გადააჭარბა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობას.

რაც შეეხება თავად არჩევნებს, ამ დღეს რესტორანი ორი პოლიტიკური პარტიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ლანჩ-მენიუებით ემსახურებოდა.

რესტორანში მოსული სტუმრები ძირითადად გებჟალიას, ელარჯისა და ნიგვზიან ხარჩოს გვიკვეთავდნენ, ხოლო არჩვენების დღეს გატანით, ხაჭაპურსა და სალათებზე იყო მოთხოვნა“, - გვითხრა რესტორნ „ელ ბარკოს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ.

„Business Time”-ი ზუგდიდში არსებულ ისტორიული დადიანების სასახლის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, რომელსაც ტურისტული მნიშვნელობა აქვს.

„სასახლეში ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობად იყო გაზრდილი, ამას ორი მიზეზი ჰქონდა, ამ პერიოდში დღესასწაულები დაემთხვა. ასევე, წინასაარჩევნოდ ჩამოსული უამრავი სარეთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმარი ეწვია სასახლეს“, - გვითხრეს დადიანების სასახლის ადმინისტრაციაში.

778