BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მამუკა ბახტაძე: „თითოეული მოქალაქე რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული გაცვლით კურსზე“

თითოეული მოქალაქე რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული გაცვლით კურსზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამადე გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ლარის გაუფასურება თურქეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გავლენას უკავშირდება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის მცირე ეკონომიკა უნდა იყოს მდგრადი, რისთვისაც მთავრობა ექსპორტის დივერსიფიცირების, ლარიზაციისა და ტურიზმის მიმრთულებით აქტიურად მუშაობს.

პრემიერის შეფასებით მნიშვნელოვანია, სავაჭრო დეფიციტის შემცირება, რომლის ტენდენციაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება.

„ზოგადად ჩვენ ასეთ საკითხს სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან უნდა ვუყუროთ. ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი. საქართველო არსებობს იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების, ან მცირე შოკების საფრთხე. ჩვენ რომ ეს განვახორციელოთ სწორედ ამისთვის დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული თითოეული საქართველოს მოქალაქე გაცვლით კურსზე.

იყო პერიოდი საქართველოში როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში და რა თქმა უნდა, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი.

...და მეორე ეს გახლავთ სავაჭრო დეფიციტი - ეს გახლავთ აქილევსის ქუსლი ჩვენი ეკონომიკის და მინდა შეგახსენოთ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტი ჩვენი ეკონომიკის თითქმის 13%-ს შეადგენდა. ეს იყო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მსოფლიოში. ჩვენ შევძელით და ეს მაჩვენებელი გავანახევრეთ .

აქედან გამომდინარე ორიენტირება ექსპორტზე, მომსახურებაზე, ტურიზმზე, იმპორტის შემცირებაზე და რაც მთავარია ლარიზაციაზე არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში, იმისთვის რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეზობელი ქვენების ეკონომიკების გავლენაზე. ეს არის მიზეზი რატომაც ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ მაქსიმალური დივერსიფიკაცია ჩვენი საექსპორტო საქონლის ევროკავშირის ბაზარზე და სხვა შორეულ ბაზრებზე, როგორიც მაგალითად არის ჩინეთი“, - ამბობს პრემიერი.

279