BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა: „ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას მოგვცემს“

„ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას მოგვცემს“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ სტეფან კუბივთან ერთად ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ოქმზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, DCFTA -ს ქვეყნებს შორის არსებული ახალი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი სქემების ამოქმედება, რომლებიც პროდუქციის ერთობლივი გადამუშავების საშუალებას გააჩენს.

„იცვლება პრიორიტეტები, წინ მივიწევთ ყველა ქვეყანა, ვინც არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მონაწილე. ახალი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი სქემის ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად გადავამუშავოთ პროდუქცია. პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება უკრაინაში და დასრულდება საქართველოში, უფრო მარტივად მიეწოდება ევროკავშირის ბაზრებს და ასევე პირიქით, პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება საქართველოში და დასრულდება უკრაინაში, უკეთესად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელია იქნება როგორც უკრაინული, ასევე ევროკავშირის ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით.

668