BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეკონომიკის მინისტრი ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხზე არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის პლენარულ სხდომაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიღებს მონაწილეობას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფომრაციით, ღონისძიება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით იმართება.

მინისტერიალის ფორმატის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ განიხილონ, როგორ ინერგება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ხელშეკრულება, რომელიც სამივე ქვეყანას გაფორმებული აქვს ევროკავშირთან.

აღსანიშნავია, რომ არაფორმალური მინისტერიალის ერთ-ერთ სხდომაზე განხილული იქნება DCFTA  ქვეყნების კომპანიების წარმატების მაგალითები. ამ მიზნით, კიევის მინისტერიალს სამივე ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა ხელს მოაწერეს ოქმს, რომლითაც ცვლილება შევა საქართველოსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში. აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელია იქნება როგორც უკრაინული, ასევე ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. მაგალითად, თუკი უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი დღეს ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ,  დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.

მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ორმხრივი შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ჩირილ გაბურიჩთან და უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრთან სტეფან კუბივთან.

222