BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

EIB-ი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მხარს დაუჭერს

„მხარს დავუჭერთ ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებას - ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მოდერნიზაციას“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა, EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

„საქართველოს მთავრობის მეთაურთან განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები. ერთის მხრივ გავაგრძელებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, რადგან ეს ევროპასთან დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. 

მისი თქმით, ამ კონტექსტში ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ხელს შეუწყობს ახალ, ინოვაციურ საქმიანობას:

„საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს გამოგონებებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად ელექტრომობილურობა, ადგილობრივი ტრანსპორტი. პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ამდენად, სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოდერნიზებას, რათა მგზავრობა ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უსაფრთხო გახდეს”, - განაცადა ვაზილ ჰუდაკმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, საუბრისას ცნობილი გახდა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა”.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1.33 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო კერძო სექტორში, არასუვერენული პროექტების დასაფინანსებლად, EIB-ის მიერ გამოყოფილია 188 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

541