BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ვაზისუბნის მამულის“ აღორძინებაში „ქართული ღვინის ჰოლდინგი“ 15 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს

„ვაზისუბნის მამული“ – მე-19 საუკუნის აღდგენილი სასახლე, მარანი და კახეთის საუკეთესო მიკროზონებში გაშენებული ვენახები. ამ ადგილის ისტორია 1869 წელს, თავადი სულხან ჭავჭავაძის დაბადებით იწყება. თავადის უმთავრესი საქმე და გატაცება მევენახეობა-მეღვინეობა იყო. თითქმის 130 წლის შემდეგ „ქართული ღვინის ჰოლდინგმა“ სულხან ჭავჭავაძის მარანი განაახლა და დღეს აქ კვლავ ყენდება საუცხოო ღვინო.

საინფორმაციო სააგენტო “Business Time” „ქართული ღვინის ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ელენე ოთარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ვაზისუბნის მამული“ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ეს იქნება რეგიონის ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ღირშესანიშნაობა და ღვინის საწარმო.

„ქართული ღვინის ჰოლდინგის“ დამფუძნებლები არიან ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ჰოლდინგის სამ ღვინის კომპანიას აერთიანებს: „ვაზისუბნის მამული“ კახეთში, „როიალ ხვანჭკარა“ რაჭაში და „ვარძიის ტერასები“ ჯავახეთში. სამივე კომპანიას ერთი რამ აერთიანებს: ქართულ ღვინოსა და ვაზზე შეყვარებული ადამიანების გუნდი და მიზანი - მსოფლიოს მიაწვდინონ პატარა ქვეყნის გამორჩეული ამბავი.

„ვაზისუბნის მამულის“ პროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს იმ იდეით, რომ აღდგეს თავადი სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი შატო, აღორძინდეს მივიწყებული ენდემური ყურძნის ჯიშები და ახალ სიმაღლეზე იქნას აყვანილი საუკუნეების მანძილზე დღემდე მოტანილი მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა.

კომპანია ფლობს ვენახს, რომელიც გაშენებულია კახეთში, მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო მიკროზონებში. ღვინოს სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული რჩეული მოსავლით ვამზადებთ. „ვაზისუბნის მამული“ ორ ბრენდს აწარმოებს: „ვაზისუბნის მამულის“ ქვევრის ღვინოები და,,ქართული მზე“, რომელიც ბრენდის შემქმნელებისათვის ქართული ღვინისახალ მიმართულებას წარმოადგენს. მისი შემქნელების მიზანია მსოფლიოს გააცნონ ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის ახალი უნიკალური პოტენციალი.
„ვაზისუბნის მამულში“ ღვინოს ქმნის მსოფლიოში აღიარებული მეღვინე ლადო უზუნაშვილი. ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მშვიდობაძე.

„ვაზისუბნის მამულის“ სასახლე წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და XIX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. ამჟამად მიმდინარეობს სასახლის რესტავრაცია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება და გაიხსნება ბუტიკის ტიპის სასტუმრო. ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას ახორციელებენ კომპანიები Arcitects.ge და NCC. აქ მთლიანად შეინარჩუნეს სასახლის ფასადის პირვანდელი სახე. ბუტიკ სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანელმა სპეციალისტებმა იმუშავეს, ხოლო რესტორნის ინტერიერის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერი ნესტან ვარდიაშვილი“, - ამბობს ელენე ოთარაშვილი.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში კომპანიამ 15 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო და მასში 70 ადამინზე მეტი დასაქმდება.

„ღვინის წარმოების და მევენახეობის მიმართულებით ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული. ახალი საწარმოს მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ 15ადამიანი დასაქმდება. ტურიზმის მიმართულებით დასაქმდება 30 ადამიანი“, - გვითხრა ელენე ოთარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ვაზისუბნის მამულსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2014 წლის 24 ივნისს გაფორმდა, რომლის მიხედვით, კომპნიამ აიღო ვალდებულება 110 000 კვ.მ მიწის ფართობზე ვენახი გაეშენებინა და არანაკლებ 240 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა

„აღნიშნული ვალდებულებები პირნათლად იქნა შესრულებული და ამის დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნა (აუდიტორი: გრანთ თორნთონ) წარედგინა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ელენე ოთარაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიაში მუდმივად დასაქმებულია 30 კაცამდე, ხოლო სეზონურად მევენახეობაში დაახლოებით 70 კაცამდე საქმდება.

კომპანიის გეგმები ამით არ სრულდება. 2018 წლის აგვისტოში „ქართული ღვინის ჰოლდინგმა“ სახელმწიფოსგან 15 729 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელზეც ახალი ღვინის საწარმო შენდება.

„აღნიშნული ნაკვეთი ვალდებულებებით არის შეძენილი, კერძოდ 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს 36 თვის ვადაში. ახალ ღვინის საწარმოში დასაქმედება დამატებით 15 ადამიანი“, - აღნიშნა „ქართული ღვინის ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ელენე ოთარაშვილმა.

ცნობისთვის, ამჟამად ,,ვაზისუბნის მამული“ წელიწადში 250 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის 40% ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი 60% კი ექსპორტზე - კანადაში, ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში იყიდება.

1335