BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„გლობალურად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ნეგატიური შედეგი, შესაძლოა საქართველოზეც გავრცელდეს“

სტრუქტურული რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის შედეგად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერიოდში, 5.2%-მდე გაიზრდება , ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი - 7%-მდე შემცირდება. თუმცა, გლობალურად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ნეგატიური შედეგი, შესაძლოა საქართველოზეც გავრცელდეს, - ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს 40 მლნ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს. აქვე განმარტა, რომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოსთვის დამტკიცებული ფინანსების ოდენობა ჯამში 210 მლნ დოლარი იქნება.

მისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

"ჩვენი შეფასებით, რეფორმების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი, დადგენილ კურსს მიჰყვება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის მყარი. 2018 წელს ზრდამ 4.7%-ს მიაღწია. ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყო. 2018 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ზრდით ხასიათდებოდა ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსავლები, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი. 

2018 წელი ფისკალური დისციპლინით ხასიათდებოდა, წლის ბოლოს კი, სახელმწიფო ხარჯვის მნიშვნელოვანი ზრდა ვიხილეთ. იმის მიუხედავად, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შემცირებულია, ჩვენ 2019 წელს საქართველოსთვის 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ, ხოლო ინფლაცია კი, სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით მცირედით უფრო მაღალი იქნება, რაც ძირითადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება", - აცხადებს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი. 

164