BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ინვესტორის მოლოდინშია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ინვესტორის მოლოდინშია. ამის შესახებ მინისტრმა "Forbes კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი ამოცანა და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ამოცანა არის ის, რომ იმისთვის რომ დავაჩქაროთ ეკონომიური ზრდა და ტემპი ავწიოთ, ყველა ჯერ კიდევ გამოუყენებელი რეზერვი ჩავრთოთ ბრუნვაში. რა არის ეს რეზერვები? ძალიან მარტივია - ეს არის სახელმწიფო ქონება - წინასწარი შეფასებით, 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს; 

მეორე მხრივ, არის ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორთა მხრიდან. მათ უნდათ, რომ სხვადასხვა აქტივი შეიძინონ, ჩადონ ფული, შექმნან სამუშაო ადგილები და აწარმოონ ბიზნესი. დაახლოებით, მლნ ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა - აქედან 300,000 ჰა რეგისტრირებული, 550,000 ჰა მომზადებულია სარეგისტრაციოდ და კიდევ არის გარკვეული რეზერვი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ გარემოს დაცვის და სოფლის და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად, რომ ჩავრთოთ რეგისტრაციაში ის მიწებიც და შემდეგ დავაპაკეტოთ ინვესტორებისთვის. 

რეზერვებს შორისაა წიაღისეული, ლიცენზიები - არსებობს გათვლები, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ტერიტორიის 10%-ზე არსებული წიაღისეული, რომელიც არის ე.წ. ინდუსტრიული მოპოვებადი წიაღისეული, საინტერესოა სხვადასხვა ინვესტორებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ათვისებული 3.8%. გვაქვს რეზერვი ამის გაორმაგების? - გვაქვს, შეგვიძლია. ანუ ის რეზერვები, რომელიც ჩვენ უნდა ავამოქმედოთ იმისთვის, რომ ზრდა დაჩქარდეს, არის სახეზე. ამ ყველაფრისთვის არის საჭირო ძალიან მორგებული სტრუქტურა, სწორი ადამიანები თავთავიანთ ადგილებზე, პერსონალური პასუხისმგებლობით თითოეულ ამოცანაზე. ეს არის ჩვენი როლი. ეს სისტემა ძალიან სწრაფად უნდა მოვარგოთ ახალ ამოცანებს“, - განაცხადა მინისტრმა.

187