BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საქართველო - ღვინის სამშობლოს“ ორგანიზატორები, 2020 წელს იაპონიის მიმართულებით, ღვინის ექსპორტისა და ახალი კონტაქტების ზრდას ელოდებიან

სახელმწიფო პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლოს“ ფარგლებში, 10 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დამთვალიერებელს და დაინტერესებულ პირებს ქართული სუფრით, ქართული პოლიფონიით, ქართული კულტურით, ისტორიითა და რა თქმა უნდა, ქართული ღვინის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„საქართველო - ღვინის სამშობლო“ ამომავალი მზის ქვეყანაში, რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა და იმის შესახებ თუ რა მიზნები ჰქონდათ ორგანიზატორებს, რამდენად დიდი იყო ინტერესი და გამოხმაურება პროექტის მიმართ, რა ფინანსური რესურსი დაიხარჯა პროექტის განხორციელებითვის და რა გეგმები აქვთ სახელმწიფო პროექტის ორგანიზატორებს, საინფორმაციო სააგენტო “Business Time” პროექტის მენეჯერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თამვჯდომარის მოადგილეს დავით ტყემალაძეს დაუკავშირდა.

პროექტის მენეჯერთან საუბარი პროექტის იდეის გაჩენიდან დავიწყეთ. როგორც დავით ტყემალაძემ გვითხრა, პროექტის „საქართველო -ღვინის სამშობლო“ იდეა ბორდოში, 2017 წელს, ფრანგი პარტნიორების თხოვნით დაიბადა.

„ამ წელს კვლევებით დადასტურდა, რომ 8000 წლის წინ ჩვენს ისტორიულ არტეფაქტებზე - თიხის ჭურჭელზე აღმოჩენილი იყო ღვინის მჟავა და ვაზის კულტურის გავრცელება სწორედ საქართველოდან მოხდა“, - ამბობს ტყემალაძე.

მისი შეფასებით ეს არ არის მხოლოდ გამოფენა,  და თავიდანვე მისი მიზანი არ იყო მხოლოდ გამოფენა გამოფენისთვის, არამედ ეს იყო მრავალგანხრიანი პროექტი, რომელიც 130 მლნ-იან ქვეყანას საქართველოს შესახებ მოუთხრობდა.

„ეს არის მრავალკომპონენტიანი პროქტი, რომელიც მოიცავს გამოფენას, დეგუსტაცია-სემინარებს, კულტურულ ღონისძიებებს, „ვორქშოფებს“, ქართული სუფრის გაცნობის საღამოებს. ამასთან, გამოფენის ნაწილში წარმოდგენილი იყო ნეოლითის პერიოდიდან თანამედროვეობამდე, თუ როგორ ვითარდებოდა ქვეყანა, რა თქმა უნდა, ღვინოსთან მჭირდო კავშირში.

რატომ დავიწყეთ პროექტის განხორციელება ამომავალი მზის ქვეყნიდან - იაპონიიდან?

გარდა იმისა, რომ გამოფენის შიანაარსი ამომავალი მზის ქვეყანას ლირიულად შეეფერებოდა, იაპონიასთან ძალიან მრავალი მიმართულება გვაკავშირებს, იქნება ეს ექსპორტის ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლები, კულტურისა და სპორტის სფეროებში ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. მოგეხსენებათ, ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი და გაგარუს პოპულარობა იაპონიაში ძალიან მაღალია და საქართველოს პოპულარიზაციაში მათი წვლილი საკმაოდ დიდია. ამასთან, კავშირები გვაქვს იაპონურ კომპანიებთან. ზოგადად, იაპონია ძლიერი, განსხვავებული და ტრენდის განმსაზღვრელიქვეყანაა აზიაში, და არა მხოლოდ იქ. ის გამოირჩევა ხარისხისადმი და შინაარსისადმი დიდი ინტერესით. ქართული ღვინო კი არ არის მხოლოდ პროდუქტი, ეს არის ისტორიის მქონე პროდუქტი, რომელიც იაპონელებში ინტერესს იწვევს. ცალკე თემაა ქვევრის ღვინო. ამ მხრივაც იაპონელები ცდილობენ აითვისონ მათთვის უცნობი - ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიები, რისთვისაც ადგილობრივი წარმოშობის ყურძენს იყენებენ. ყველაფერი ეს ერთად იმის ნიშანია, რომ იაპონიაში საქართველოსადმი ინტერესი დიდია. ამიტომ დავიწყეთ იაპონიიდან ამ პროექტის განხორციელება. ეს არის ცოტა განსხვავებული პროექტი - ქართული ღვინის გაჟღერება ხელს უწყობს არა მხოლოდ ღვინის, არამედ ქვეყნის პოპულარიზაციას და ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ რაც შეიძლება შევამციროთ უარყოფითი ფინანსური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გავლენა ექსპორტზე და ქართული ღვინის გაყიდვები იყოს სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით მზარდი“, - გვითხრა დავით ტყემალაძემ.

პროექტ „საქართველო - ღვინის სამშობლოს“ ხელმძღვანელი პროექტის სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანასთან აქვთ საუბარი გარკვეული მიმართულებების ორგანიზებაზე. მისი თქმით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში უნდათ, რომ პროექტი ყოველწლიური გახდეს.

„ამ პროექტის განხორციელების სურვილი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს. პროექტის ორგანიზება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან კომპლექსურია და ვცდილობთ სხვადასხვა კუთხით პარტნიორების მოძიებას. მე შემიძლია გითხრათ, ეს პროექტი რომელ ქვეყნებში შეიძლება განხორციელდეს შემდგომში - კორეა, ჩინეთი და აშშ. სამივე ქვეყნის საელჩოებთან გვაქვს აქტიური და მჭირდო თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილია ყოველწლიურად განვახოციელოთ ეს პროექტი, რასაც მაქსიმალურად ვეცდებით, საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე „საქართველო - ღვინის სამშობლო“ 2 წლიან პერსპექტივაში განხორციელდება. რომელი ქვეყანაც იქნება მზად, პირველად იქ ჩატარდება ეს ღონისძიებები, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ ეს ქვეყანა ჩინეთი იქნება“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელი.

„საქართველო - ღვინის სამშობლო“ კი ვერ განხოციელდებოდა იმ ფინანსური რესურსის გარეშე, რაც სახელმწიფომ გამოყო და რითიც იაპონურმა მხარემ დააფინანსა. დავით ტყემალაძე „Business Time”-ს დაწვრილებით უამბო იმ ფინანსური კომპონენტების შესახებ, რომლის გარეშეც პროექტი არ შედგებოდა. პროექტზე ჯამში 11.5 მლნ ლარი დაიხარჯა.

„საქართველო - ღვინის სამშობლოსთვის“ სახელმწიფო პროექტია და მთავრობამ მისთვის 3.5 მლნ ლარი გამოყო. თუმცა იყო მზაობა იმისთვის, რომ  მეტი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში, ეს თანხა გაზრდილიყო.

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რამდენადაც იაპონიაში ისეთი კომპანია დაინტერესდა ამ პროექტით, როგორიცაა Sony music communication. მინდა განვმარტო რომ ხშირად კომპანიების მხრიდან პროექტის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობით გამოიხატებოდა და ყოველთვის თანხებთან არ იყო დაკავშირებული, თუმცა რომ არა ისინი ჩვენ ამ აქტივობებისთვის სოლიდური თანხების გარება მოგვიწევდა. ასე მაგალითად Sony-მ საკუთარი სახსრებითა და მაღალგანვითარებული WARPტექნოლოგიების გამოყენებით საგამოფენო სივრცეში ვიდეოპროექციები განათავსა, რაც ინფორმაციის მიღების კუთხით ადამიანის ჩართულობას გულისხმობს. აქვე მოხდა ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ჩვენება. ასევე საგამოფენო სახლ Terrada Warehause-მა მაქსიმალურად დაბალ ფასად შემოგვთავაზა თავისი სივრცე სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად. Sony უზრუნველყოფდა ასევე სარეკლამო კამპანიას იაპონიის ბაზარზე, რაშიც მას როგორც ბაზრის ლიდერს სერიოზული შეღავათები აქვს.

... შესაბამისად, რომ დავაჯამოთ რიცხვებში პროექტის ღირებულება ჯამში 10 მლნ ლარია იქნება.

აღსანიშნავია ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიების მონაწილეობა და როლი. 20 კომპანიისგან შემდგარმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, დეგუსტაციებისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის ჯამში 1.5 მლნ ლარის ფინანსური ხარჯი გაიღეს“, - განგვიმარტა ტყემალაძემ.

პროექტის ხელმძღვანელი პროექტის მნახველთა ზუსტ რაოდენობაზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ ეს რიცხვი რამდენუმე ათეულ ათასს შეადგენს.ჩვენთან საუბრისას დავით ტყემალაძემ ის ღვინოებიც გამოყო, რომლებმაც უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა პროექტის მსვლელობის პერიოდში. ეს ღვინოებია: ქვევრის, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, წითელი და ბოლოს თეთრი.

კითხვაზე, როგორი შედეგებით დასრულდა პროექტი და რამდენად გამართლდა ორგანიატორების მიზნები, დავით ტყემალაძემ გვითხრა რომ შედეგებზე საუბარი ნაადრევია.

„მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, იაპონია გამოირჩევა ხარისხზე მოთხოვნით! გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი თითქოს ყველა ასოს უკირკიტებდა, ისინი სწავლობდნენ ამ გამოფენაზე საქართველოს ისტორიას, პროექციების საშუალებით ადგილწარმოშობის დასახელების ყურძნების შესახებ მეტ ინფორმაციას იღებდნენ, მიჰქონდათ იქ არსებული ბუკლეტები თან და პროექტიდან წამოსული უკუკავშირი გაცილებით ფართო უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ ღვინის ექსპორტის ზრდა.

ჩვენ იაპონიაში ღვინის პროფესიონალურ გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობთ, სწორედ ორი ასეთი გამოფენაში მიიღო საქართველომ პროექტის პარალელურად მონაწილეობა და შედგა B2B შევედრები.

რაც შეეხება შედეგებს, 2020 წელს ახალი კონტაქტებისა და ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების გათვალისწინებით ვნახავთ, რა კონკრეტული გავლენა იქონია პროექტმა ჩვენ მიერ დასახულ გეგმებზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საიმიჯო ხასითის არის, პრესაში გავრცელებული ინფორმაციების, ექსპერტთა თუ ღვინის მწერალთა გამოხმაურებების მიხედვით, შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ შედეგი, კონკრეტულად ექსპორტის ზრდის მიმართულებით, იქნება.

მინდა აღვნიშნო, რომ სულ მალე იაპონიიდან ჟურნალისტების, ღვინის იმპოტიორებისა და ქართული ღვინით დაინტერესებული სპეციალისტებისგან შემდგარი 2 ჯგუფის ვიზიტი იგეგმება. ამ მხრივ დიდ მხარდაჭერას გვიწევს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში. ერთ-ერთი ჯგუფი ზაფხულში, ხოლო მეორე რთველის პერიოდში ჩამოვა“, - გვითხრა დავით ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“ იყვნენ და ის საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ქართული მხარის პარტნიორები მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Sony music communication და კომპანია TOPPAN-ი იყვნენ.

529