BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მამუკა ბახტაძე: „პედაგოგების ხელფასი საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა“

„პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სემინარის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გახსნისას.

პრემიერის ინფორმაციით, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი განათლების რეფორმის შესახებ მის ინიციატივას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პედაგოგის საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაა.

„რეფორმის თანახმადაც ჩვენ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი მთავრობისთვის ვალდებულება იქნება.

ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, ის არის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგის და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს 21-ე საუკუნეში არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, მან შეიძლება, თავისი წარსული და ფასეულობებიც დაკარგოს. შესაბამისად, მინდა, თითოეულ თქვენგანს მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მაქვს იმის პატივი, რომ დღეს მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება“, - განაცხადა პრემიერმა.

583