BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი – წულუკიანი სალომე სამადაშვილზე

სალომე სამადაშვილი იყო ბელგიაში ელჩი, ბრიუსელში ევროკავშირის მისიაში, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს ებარა, იყო ჩანაცვლებული ყალბი ფერწერული ტილოთი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამადაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულის ტოლფასია.

„რომ გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია, თორემ ძველ ისტორიებს რა მოთვლის…ქალბატონი სალომე იყო ბელგიაში ელჩი, ბრიუსელში ევროკავშირის მისიაში, თანაც არაერთი წელი. ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს ებარა საელჩოში მუზეუმის ქონება, იყო ჩანაცვლებული ყალბი ფერწერული ტილოთი. როდესაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში იგრძნეს სიო, რა სიოც იგრძნეს, ეს ყველას ახსოვს, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფერწერული ტილოების მოძიება საელჩოებში. ქურდს ქუდი ეწვის პრინციპით. მაშინ ქალბატონმა სალომემ სამინისტროს გაუგზავნა წერილი, სადაც ამბობს, რომ ამ ნახატს არც ნომერი აქვს და არც ავტორი აწერიაო, მაგრამ არავითარი რეაგირება ამაზე, როგორც ელჩს მას არ ჰქონია. კივილი არის ადვილი, მაგრამ პასუხისგება ყველას მოუწევს თავის წარსულ საქმიანობაზე როგორც მე, ისე მას. მაგრამ ვაი თუ მის საქმიანობაში აღმოჩნდეს ოდნავ მეტი პრობლემები, რბილად რომ ვთქვა, ვიდრე ჩემსაში.

ეს წერილი, რომელიც გვაქვს ჩვენ, სადაც ამბობს რომ ჩანაცვლებულიაო, მაგრამ რეაგირებას არ აკეთებს, რომ გამოვაქვეყნოთ ვნახავთ, რომ მან სახელმწიფო ენა კარგად არ იცის. თითქმის ყველა სიტყვაში აქვს შეცდომა, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ ზონდერი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასეთ არაკომპეტენტურ კადრს გავათავისუფლებდი. რადგან საჯარო მოხელეს სახელმწიფო ენის ცოდნა ევალება.

ნული არის შედეგი მისი პოლიტიკური საქმიანობის. ასეთია ჩემი აზრი. ვერსად ვერ წახვალ, გინდ „ლელოში“ წადი და გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“. თქვენ იყავით ვინც ამბობდა ეს ქალი არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, ის იურისტი არ არისო, ამიტომ ჩამოყალიბდით ვინ ვარ მე – ზონდერი, იურისტი, თუ ვინ, მაგრამ თქვენ იყავით არაკომპეტენტური ელჩი და ახლა ხართ არაკომპეტენტური ყოფილი „ნაციონალი“, ამჟამინდელი „ლელო“, რომელიც იგივეა, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 
438