BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ერდოღანი, ზელენსკი და ანტონიო გუტერეში დღეს ლვოვში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს ლვოვში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ის ავრცელებს. 
 
გამოცემის ცნობით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია მარცვლეულის ექსპორტი და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაცია.
 
შეხვედრის შემდეგ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
 
ერდოღანის ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტისას მარცვლეულის ექსპორტის გაზრდის გზებსა და იმ ნაბიჯებს განიხილავს, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად.
 
მათივე ცნობით, ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის დროს ასევე განიხილავს ანკარასა და კიევს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს.
 
საუბრის კიდევ ერთი საკვანძო თემა კი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული შემაშფოთებელი ვითარება იქნება.
 
გუტერეშმა, რომელიც უკრაინაში ბოლოს აპრილში იყო ჩასული, მიმდინარე კვირაში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირების პირობები განიხილა.
 
გაერო-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეუძლია ხელი შეუწყოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების კიევიდან ზაპოროჟიეში ვიზიტს. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, კიევის გავლით ნებისმიერი მისია სახიფათოა.
 
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი 20 აგვისტოს სტამბოლში ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრთან შეხვედრას გამართავს, რომელიც რუსი, უკრაინელი, თურქი და გაერო-ს ოფიციალური პირებისგან შედგება და უკრაინის მარცვლეულისა და სასუქის შავი ზღვით ექსპორტის საკითხს განიხილავს.
278