BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მიკრო-ბანკის სტატუსი – ფინანსთა მინისტრი ახალ კანონპროექტზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს.
 
მინისტრის თქმით, კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ბანკთან ერთად შემუშავდა.
 
„ესენი იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც სხვა ბანკებთან მიმართებაში. უბრალოდ, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის საწესდებო-საზედამხედველო კაპიტალის მინამალური ოდენობა, მაგალითისთვის, თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 1 მილიონი ლარი, მიკრო ბანკის შემთხვევაში ეს იქნება 10 მილიონი ლარი. ვთქვათ, სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქცია იქნება შედარებით გამარტივებული, ვიდრე ეს აქვთ ბანკებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
 
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქიდან გამომდინარე, რომ დაფინანსების ძირითადი სეგმენტი არის მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა.
 
„შესაბამისად, არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე მომავალში ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ დარეგისტრირდეს, შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ აღნიშნული მიკრო-ბანკის სტატუსი და უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები. ბუნებრივია, აღნიშნული მიკრო ბანკების რეგისტრაციის შემდგომ გაიზრდება კონკურენცია ამ სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად რეგიონებს მოიცავენ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სტატუსი მიიღონ და მიკრო ბანკად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, ამან აუცილებლად უნდა იქონიოს გავლენა საპროცენტო განაკვეთებზე, გამომდინარ იქიდან, რომ მათ ერთი მხრივ გაუჩნდებათ შედარებით იაფიანი რესურსი, ხოლო მეორე მხრივ, კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს ამ მიმართულებით. მისი დამტკიცების შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკვე შეეძლებათ, მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნული სტატუსის მისაღებად, ბუნებრივია, იმ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
 
ლაშა ხუციშვილის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარალამენტს დასამტკიცებლად  წარედგინება.
 
282