BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსი პოლიტიკოსი – „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსულმა ჯარმა უნდა დატოვოს“

სამხრეთ ოსეთის საკითხი საკმაოდ ადვილად შეიძლება მოგვარდეს,– განაცხადა, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას  რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა.
 
მისივე თქმით, აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, მხოლოდ რუსული ჯარის გასვლით ვერ მოგვარდება. 
 
"სამხრეთ ოსეთის საკითხი საკმაოდ ადვილად შეიძლება მოგვარდეს. იქ პრაქტიკულად არაფერია, ძალიან მცირე რაოდენობის მოსახლეობაა, უბრალოდ საჭიროა ჩვენმა საჯარისო ნაწილებმა დატოვონ იქაურობა და დაგიბრუნონ ტერიტორია. რაც შეეხება აფხაზეთს, რამდენად მე ვიცი, არავითარ შემთხვევაში არ მინდა საქართველოს შიდა დავებში გავერიო, ეს ჩემი საქმე არ არის, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრჯერ ვიყავი საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში, საქართველოს ამ ნაწილში... 
 
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავი აფხაზეთში, იქ ძალიან დიდ ნეგატივს ვხედავდი საქართველოს მიმართ, საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრების სურვილის უქონლობას, შეიძლება ეს ადამიანები მოტყუებული იყვნენ, ისინი შეიძლება შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, მაგრამ ასეთი განწყობები ჯერ კიდევ მაშინ აშკარა იყო. ჩემი აზრით, აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, მხოლოდ რუსული ჯარის გასვლით ვერ მოგვარდება, ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთის მსგავსად ეს საკითხი ასე მარტივად ვერ მოგვარდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ადამიანი ვარ, რომელიც გვერდიდან აკვირდება ამ პროცესებს, არც მაქვს უფლება ვინმე ან რამე განვსაჯო. რუსული ჯარის გასვლის შემდეგ იქ გარკვეული პრობლემები დარჩება და ამ პრობლემების მოგვარება მოუწევს საქართველოს. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? ეს ჩემი საქმე არ არის!"– განაცხადა გოზმანმა. 
 
მან ინტერვიუში გაიხსენა ჯერ კიდევ 90-ნების ბოლოს რომ რუსეთის ხელისუფლება მასობრივად არიგებდა რუსულ პასპორტებს აფხაზეთში, რაც მისივე თქმით, ომისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. 
 
"მე მქონდა საუბარი იმ განწყობებზე, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს არსებობდა. კიდევ ერთხელ განვმეორდები, ეს ჩემი საქმე არ არის. როგორ მოაგვარებთ თქვენ ამ საკითხს მე არ ვიცი, მე ის ვიცი, რომ ჩვენმა ჯარმა იქაურობა უნდა დატოვოს. 
 
როდესაც ოსეთიდან საჯარისო ნაწილები გავლენ და შემდეგ თქვენ მალევე დაამყარებთ იქ მშვიდობას, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენებთან თანამშრომლობდნენ ალბათ მოუწევთ რუსეთში გამგზავრება, ეს უკვე უმნიშვნელო დეტალებია, ნუ შეიძლება უმნიშვნელო დეტალი არ იყოს, მაგრამ მარტივად მოსაგვარებელი იქნება. აი, რაც შეეხება აფხაზეთის საკითხს როგორ მოაგვარებთ, ეგ უკვე მე მართლა არ ვიცი."– განაცხადა გოზმანმა.
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ 
 
4294