BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც 24 თებერვალს – რუსმა დიპლომატმა გაერო–ში თანამდებობა დატოვა

გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველმა, ბორის ბონდარევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა.
 
მისი თქმით, მათ, ვინც ომი დაიწყეს ერთადერთი მიზანი აქვთ: ხელისუფლების შენარჩუნება.
 
„ჩემი დიპლომატიური კარიერის 20 წლის განმავლობაში მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება, მაგრამ არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ, არის არა მხოლოდ დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, ყველაზე მძიმე დანაშაული რუსეთის ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების არსებობასთან დაკავშირებული ჩვენი ყველა იმედისა და პერსპექტივის ასო „Z”-ით გადახაზვა.
 
მათ, ვინც ჩაიფიქრა ეს ომი, მხოლოდ ერთი რამ სურთ - სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში, იცხოვრონ პომპეზურ უგემოვნო სასახლეებში, იცურაონ იახტებით, რომლებიც, ტონაჟითა და ღირებულებით, რუსეთის მთელ საზღვაო ფლოტს შეედრება, ისარგებლონ შეუზღუდავი ძალაუფლებით და სრული დაუსჯელობით. ამის მისაღწევად ისინი მზად არიან იმდენი სიცოცხლე შესწირონ, რამდენიც დასჭირდება. ათასობით რუსი და უკრაინელი უკვე დაიღუპა მხოლოდ ამისთვის,“- აცხადებს რუსი დიპლომატი.
 
მან სევე განსაკუთრებით გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელიც, მისი თქმით, გახდა ადამიანი, რომელიც გამუდმებით ავრცელებს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს და ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით.
 
„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. ის ემსახურება ძალიან ცოტა ადამიანის ინტერესებს, რაც ხელს უწყობს ჩემი ქვეყნის შემდგომ იზოლაციასა და დეგრადაციას. რუსეთს აღარ ჰყავს მოკავშირეები და არავინ არის დამნაშავე, გარდა მისი უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკისა,“ - წერს დიპლომატი.
 
როგორც ბონდარევმა აღნიშნა, ვეღარ გააგრძელებს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობას და „ამ სისხლიანი, აბსოლუტურად უღირსი ზიზღის“ გაზიარებას.
227