BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებთ სახელწოდება "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე". გამოფენები გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11) და ღია იქნება მნახველისთვის 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

გამოფენები, რომელთა კოორდინატორია იტალიის  საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.

გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და  კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით. გამოფენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ.

Rai.Com-ის მიერ  ჩაფიქრებული და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული გამოფენა "Opera omnia", აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს.

იტალიის საელჩოს საქართველოში ინფორმაციით, გამოფენების ოფიციალურ გახსნას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 4 ოქტომბერს 19:00სთ-ზე, დაესწრება იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მოადგილე ივან სკალფაროტო და იტალიელ მეწარმეთა დელეგაცია, რომლებიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ეს ვიზიტი იმართება 2017 წლის 3-5 ოქტომბერს და მასში მონაწილეობენ ინფრაქტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი იტალიური კომპანიის წარმომადგენლები. 4 ოქტომბერი ბიზნეს-ფორუმს მიეძღვნება:  ჩატარდება სამუშაო შეხვედრები შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებთან და გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იტალიურ კომპანიებსა და მათ პოტენციურ ქართველ პარტნიორებს შორის.

გამოფენების გახსნასთან დაკავშირებით, 2017 წლის 2 ოქტომბერს, ორშაბათს, 11:00სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ა. ფურცელაძის ქ. 1) დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ, დაგეგმილია გამოფენებისთვის მზადების პროცესის გადაღება დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში.

3898