BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რომელი ქვეყნები უშლიდა ხელს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას და რატომ? – ირაკლი ოქრუაშვილი დეტალებზე

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს შეიარაღების საუკეთესო შესაძლებლობა აქვს, რომელიც ადრე არ ქონდა. 
 
მისივე თქმით, უკრაინის ომი მრავალმხრივი შესაძლებლობა ჩვენთვის. პოლიტიკური შესაძლებლობები უამრავი აქვს ამ ომს საქართველოსთვის და ეს ყველაზე "უინტელექტო ქოცმაც კი იცის". 
 
"მე ერთ და სხვა შესაძლებლობაზე მინდა გითხრათ. 
 
2005 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აბსოლუტურად არაფერი (შეიარაღება) არ გააჩნდათ. შეიძლება ითქვას, რომ შეიარაღებული ძალები თითქმის არც არსებობდა. 
 
არნახული წვალების, "კომბინაციების" და ძალისხმევის ფასად გვიწევდა იმ იარაღის ყიდვა, რასაც ვყიდულობდით, რადგან რუსეთი ყველაფერს გვიბლოკავდა და მათთან გართულებებს, ჩვენს გამო, ყველა ქვეყანა ერიდებოდა. ასეთ დროს კი, აქ ბევრი ვითომ სამხედრო ჟურნალისტი თუ სხვა მავანი კამპანიას აგორებდა რომ მოძველებულ საბჭოთა "კალაშნიკოვებს" და ტანკ "ტ-72"-ებს რატომ ვყიდულობდით. გეგონება "აბრაამსები", "მერკავები" და "ლეოპარდები" სადმე დახლზე ეწყო და უარს ვამბობდით. 2006 წელს "ჰეკლერ კოხი"-ს 200 ავტომატის ყიდვა მინდოდა სპეცრაზმისთვის და მაშინდელმა კანცლერმა მერკელმა პირადად დაბლოკა ეგ შესყიდვა, მაშინ როდესაც თავად "ჰეკლერ კოხი" ლობირებდა ჩვენს სასარგებლოდ. არ მოგესმათ, ავტომატი ვახსენე და არა ჰაუბიცა, არც ჯავშანმანქანა, არც ტანკი ან თვითმფრინავი. ავტომატზე გვეუბნებოდნენ უარს და უფრო სერიოზულს ვინ მოგვცემდა. იყო ანეგდოტური სიტუაციაც - ფრანგებმა ორი სუპერთანამედროვე კორვეტი შემოგვთავაზეს, მაგრამ დააყოლეს - სარკოზი რუსებთან არ გაირთულებს საქმეს და კორვეტებს იარაღის გარეშე მოგყიდითო. ანუ სასეირნო ნავები უნდა გვეყიდა."– წერს ოქრუაშვილი.
 
მისივე თქმით, 2008 წლის ომმა უფრო გაართულა ჩვენთვის იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა. ამასთან, ომის დროს ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა, ან რუსებმა წაიყვანეს. ტყვია-წამლის საწყობები სრულად დაიცალა და დღემდე აღარ შევსებულა, იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჯაველინები მოგვაწოდეს ამერიკელებმა.
 
ოქრუაშვილი წერს , რომ უკრაინაში მიმდინარე ომის და მათდამი ამ სახის დახმარების ფონზე გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი, რომ სრულად განვაახლოთ ჩვენი შეიარაღება, რათა უფრო მეტად ვიყოთ დაცული.
 
"თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის" და არა "აბა ომი გინდა?"-სთვის. ახლა აწყვია დახლზე "აბრაამსებიც" და "ლეოპარდებიც", თან უფასოდ, თუმცა ვინაა მაგ შესაძლებლობის გამომყენებელი?
 
შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. უკაცრავად შემეშალა, შეიარაღებული ძალები ხომ დიდი ხანია აღარ გვყავს და მათ სახელი გადავარქვით რუსი რომ არ გაგვეღიზიანებინა. თავდაცვის ძალების დღეს გილოცავთ."– წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
 
1324