BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ენტონი ბლინკენი - თუკი რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი

თუკი რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრებიან უკრაინაში და ჩაიდენენ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება აშშ-სგან და ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბაერბოკთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, დასავლეთი მხარს უჭერს რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას, თუმცა თუ ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აირჩევს, დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.
 
„მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას დაძაბულობის განსამუხტად, რომელიც შექმნილია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზებით, რუსეთის შემდგომი შეჭრის შეკავებასა და აღკვეთას. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას, დავაწესებთ სწრაფ და დიდ საფასურს, თუ რუსეთი აირჩევს აგრესიას“, - აღნიშნა ბლინკენმა.
 
მისი თქმით, ეს არის გზავნილი, რომელიც არაერთხელ გაჟღერებულა ნატო-სგან, „დიდი შვიდეულისგან“ და ევროკავშირისგან.
 
კითხვაზე, რას ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ნახსენებ „მცირე შეჭრაზე“, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ნებისმიერი აგრესიის განხორციელებას პასუხი მოჰყვება.
 
„ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ თუკი რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრებიან უკრაინაში და ჩაიდენენ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი აშშ-სგან და ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან“,- აღნიშნა ბლინკენმა.
399