BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება

დიდი ბრიტანეთი კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა.
 
აღნიშნული მოიცავს საჯარო სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას, ასევე 27 იანვრიდან Covid-ის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაუქმებას.
 
გეგმის მიხედვით, ადამიანებს ჯერ კიდევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია ინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ასევე ნიღბების ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სკოლის მოსწავლეებს ხვალიდან აღარ დასჭირდებათ ნიღბების ტარება საკლასო ოთახებში.
 
ასევე Covid-ის პასპორტები ღამის კლუბებში და დიდ ღონისძიებებში შესასვლელად სავალდებულო არ იქნება, თუმცა კერძო ორგანიზაციებს შეუძლიათ მოითხოვონ Covid-ის პასპორტის გამოყენება, თუ ამის სურვილი აქვთ.
 
ასევე მიუხედავად იმისა, რომ ნიღბები აღარ იქნება სავალდებულო, რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადეები დახურულ ან ხალხმრავალ ადგილებში და უცნობებთან შეხვედრისას.
 
პრესკონფერენციაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ Omicron ვარიანტი "უკან იხევს", რაც ნიშნავს გაერთიანებული სამეფოს ცხოვრების ახალ თავს კოვიდთან ერთად.
 
პრემიერი ასევე აცხადებს, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები განახლდება, რომლის შესახებაც დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
 
ბორის ჯონსონის თქმით, ეს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც "ფინალის ხაზი", რადგან ვირუსის და ახალი ვარიანტების აღმოფხვრა შეუძლებელია.
 
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება Covid-თან ისე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად", - განაცხადა მან.
 
ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს კორონავირუსის 108,069 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 359 ადამიანი დაიღუპა
1188