BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ივანე ჩხაიძე - ექიმებშიც კი არ არის ერთიანობა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელია ვაქცინაციის პროცესში

გონივრული ვადა ჩვენ უკვე დავარღვიეთ და ეს გონივრული ვადა იყო დეკემბერი, უნდა მიგვეღწია ვაქცინაციის 60%-სთვის - სამწუხაროდ, ეს ეტაპი საქართველომ გამოტოვა, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
 
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაციის მარათონი, „მწვანე პასპორტები“ და 60 წელს გადაცილებული ადამიანების ფულადი წახალისება ვაქცინაციის პროცესზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ხელის შემშლელი ვაქცინაციის პროცესში არის ის, რომ დღეს, ექიმებში არ არის ერთიანობა.
 
„15 ნოემბრიდან სამი სხვადასხვა მიმართულებითაა მოძრაობა: ვაქცინაციის მარათონი და ადგილზე ჩასვლა, სოფლებში სახლებში მისვლა და კარდაკარ კომუნიკაცია; „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედება; 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის ფულადი წახალისების სისტემის ამოქმედება. ამან გარკვეული შედეგი მოიტანა. ძალიან მარტივად ჩანს, რომ საქართველოში ყველაზე კარგად ეს მექანიზმი მუშაობს.
 
ექიმებშიც კი არ არის დღეს ერთიანობა, რაც ძალიან ხელისშემშლელია და ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელია ვაქცინაციის პროცესში.
 
ვაქცინაციის სასარგებლოდ უამრავი ფაქტია - კვლევა, დაკვირვება. ახლა მეოთხე ფაზის კვლევებში მილიონობით ადამიანია მონაწილე. ეს არის კვლევები, რომელიც ვაქცინაციის დამტკიცების შემდეგ წარმოებს. ყველგან შედეგი არის ერთი და იგივე. საქართველოში ნათელი ციფრი გვაქვს, გარდაცვლილთა 98.9% არავაქცინირებული. რა არგუმენტი უნდა მოიტანოს ადამიანმა, რომელიც წინააღმდეგია ვაქცინაციის ვერ წარმომიდგენია? ეს არის ციფრი, რომელიც იდენტურია აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
446