BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ომიკრონის“ შტამის პირობებში მესამე ინფიცირება მოსალოდნელია და ორჯერ ინფექციაგადატანილებიც კი, 100%-ით დაცულები არ არიან - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით მესამედ ინფიცირების ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
 
ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
 
როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ შტამის პირობებში მესამე ინფიცირება მოსალოდნელია და ორჯერ ინფექციაგადატანილებიც კი, 100%-ით დაცულები არ არიან.
 
„ასეთი შემთხვევები იშვიათად, მაგრამ არის. ერთეული შემთხვევებია საქართველოში. მაგრამ „ომიკრონის“ დომინანტად გახდომის შემთხვევაში კიდევ უფრო მოიმატებს. „ომიკრონის“ პირობებში მესამე ინფიცირება მოსალოდნელია. ასე რომ, ორჯერ გადატანილებიც კი, 100%-ით დაცულები არ არიან. პირობითია დაასრულებს თუ არა „ომიკრონი“ პანდემიას. თუ მანამდე არ გამოჩნდა ახალი შტამი, რომელიც უფრო ან ნაკლებად უარესი შეიძლება იყოს, მაშინ შეიძლება, დაასრულოს. ეს ღმერთის გარდა არავინ იცის. სად განიცდის ვირუსი მუტაციას და რომელ უბანში, არავინ იცის. თუ ახალი, სერიოზული მუტაცია არ გამოჩნდა, „ომიკრონმა“ შეიძლება დაასრულოს პანდემია. მაღალი გადადებობის გამო მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა გახდება ავად, შესაძლოა 60-80% და შეიქმნას ის ავად თუ კეთილად სახსენებელი „ჯოგური იმუნიტეტი“ - პოპულაციური საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რომლის შემდეგაც შემთხვევები იქნება, მაგრამ ერთეული. ამით პანდემია დასრულდება. დიდი იმედი მაქვს, ასეც მოხდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
525