BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მესტიაში არასტაბილური ელექტრომომარაგების გამო საბაგიროები გაჩერებულია

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერიდან გაიხსნა, მაგრამ მესტიაში - თეთნულდის და ჰაწვალის საბაგიროები ამ დრომდე ვერ ჩაირთო. აღნიშნული BMG-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც დაუდასტურეს, სადაც ვერ ამბობენ, როდიდან ჩაირთვება საბაგიროები.
 
მიზეზი ელექტრომომარაგების არასტაბილური მიწოდებაა. თავის მხრივ, აღნიშნულის მიზეზი კი კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოებაა, რომელიც წლებია გრძელდება და ამის გამო, მესტიას ელექტრომომარგება, პერიოდულად, გრაფიკით ხდება. სწორედ ამის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირას საჯარო განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდა.
 
როდიდან იქნება შესაძლებელი საბაგიროების ჩართვა - ამ კითხვით ბმ.გე-მ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართა, სადაც კონკრეტული პასუხი ასევე არ აქვთ, მაგრამ განგვიმარტეს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება, რაც საბაგიროების გაჩერების ხარჯზე მოხერხდა.
 
„ამ დროისთვის მესტიას ელექტროენერგია გრაფიკის გარეშე მიეწოდება, მაგრამ შედარებით დაბალი ძაბვით. აღნიშნული მოხერხდა იმის ხარჯზე, რომ ჰაწვალის და თეთნულდის საბაგირები არ მუშაობს“, - განუცხადეს ბმ.გე-ს კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“.
 
სვანეთში კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოების გათვალისწინებით, რეგიონისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების პრობლემის მოგვარების გზებზე დღეს კითხვა მთავრობის სხდომის შემდეგ ბმ.გე-მ ეკონომიკის მინისტრსაც დაუსვა, მაგრამ ნათია თურნავამ საკითხის გადაჭრის კონკრეტულ გზებზე საუბარს თავი აარიდა და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.
 
„მესტიაში ტურიზმი იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა საჭირო არ არის“, - თქვა ნათია თურნავამ.
689