BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დავით ქაჯაია: ხერხემლის ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართეთ, თვითმკურნალობა მდგომარეობას ართულებს

სქოლიოზი, კიფოზი, თიაქარი, ოსტეოქონდროზი... ყველა ჩამოთვლილი დაავადება ხერხემლის პრობლემებთანაა დაკავშირებული. თანამედროვე სამყაროში აქტუალური ცხოვრების მჯდომარე სტილი, ოფისებში და საჭესთან საათობით გაუნძრევლად მოხრილი ჯდომა, ხერხემალს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული შედეგების გამო კი, როდესაც სამყაროს უდიდესი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, არსებული ვითარება კიდევ უფრო გართულდა.
 
რამდენად რთულია ამ პრობლემებთან ბრძოლა, რა წინასწარი ზომები შეიძლება მივიღოთ პრევენციისთვის და როგორ უნდა გავუმკლავდეთ აღნიშნულ სირთულეებს - ამ და სხვა დეტალებზე ჩვენ ხერხემლის სპეციალისტს, ვერტებროლოგ დავით ქაჯაიას ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ კისრის, ზურგის ან წელის არეში არსებული დისკომფორტით თუ მწვავე ტკივილის სიმპტომებით მას ყველაზე ხშირად მიმართავენ.
 
სპეციალისტის განმარტებით, კონკრეტულ არეში ტკივილი შეიძლება სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული.
 
ბატონო დავით, ვინაიდან პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი სრულად შეცვალა, მინდა ჩვენი საუბარი აქედან დავიწყოთ. დისტანციურმა მუშაობამ, რეგულაციებმა და შეზღვუდვებმა, ადამიანების აქტივობის შემცირებამ, რამდენად იმოქმედა და გამოიკვეთა თუ არა ხერხემლის დამატებითი გართულებები? რამდენად მოიმატა მომართვიანომამ პანდემიის შემდეგ და უფრო რა სახის გართულებებს გამოყოფდით აღნიშნულიდან გამომდინარე?
 
- რა თქმა უნდა, პანდემიამ ხერხემლის დაავადებების თვალსაზრისითაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ადამიანების ჯანმრთელობაზე. მათ მთელი დღის განმავლობაში უწევთ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, ეს კი ძირითად შემთხვევებში ერთ ადგილას ჯდომასა და უმოძრაობას გულისხმობს. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ სქოლიოზის, ხერხემლის თიაქარის და ოსტეოქონდროზის გართულებებით. დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნისა და დაბალი ფიზიკური აქტივობის გამო, კუნთური მასა ზიანდება, შემდეგ  დაზიანება უშუალოდ დისკზე გადადის და კუნთური სისტემა მასიურად ეშვება, აქედან გამომდინარე, ზიანდება მთლიანად ხერხემლის სისტემა. ვითარების გათვალისწინებით, პანდემიის შემდგომ, ხერხემალთან დაკავშირებული ჩივილებით მომართვიანობამ 70-80%-ით მოიმატა.
 
გარდა იმისა, რომ აქტივობის სიმცირე უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე, ხომ არ არის სხვა ფაქტორი კოვიდ-19 ის მხრივ, ვგულისხმობ მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ეს ვირუსი ადამიანის ბევრ ორგანოზე უარყოფით კვალს ტოვებს. თუ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევები ამ მიმართულებით კოვიდ-გადატანილ პაციენტებში? თუნდაც გამოკვლეულია თუ არა, რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ზურგის ტვინზე?
 
- დიახ, ხშირია შემთხვევები, როდესაც კოვიდგადატანილი პაციენტი მოგვმართავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ კორონავირუსის დროს ორგანიზმი და მისი იმუნური სისტემა მთლიანად დასუსტებულია და მომატებულია დაავადებების განვითარების რისკი. კოვიდგადატანილი პაციენტები მომატებული და გამწვავებული ტკივილების გამოც მოგვმართავენ, რომელიც ძირითადად  მეოთხე - მეხუთე მალაზე აღენიშნებათ, საუბარია მალთაშორის დისკის თიაქარზე.
 
გართულების პრევენცია
 
ბატონო დავით, რომ აგვიხსნათ ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დაავადება რომელია და რა არის მისი გამომწვევი ფაქტორი? რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს რომ თავიდან აიცილოს ის?
 
- ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დაავადებები მოზარდებში სქოლიოზი და ბრტყელი ტერფია, ხოლო ზრდასრულებში: თიაქარი, კიფოზი, ოსტეოქონდროზი და სხვა. მათი გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს, მაგალითად არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, ზედმეტი წონა, როგორც ზემოთ ვახსენეთ მჯდომარე რეჟიმი და ნაკლები აქტიურობა, თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობის გარდა არსებობს შეძენილი ბრტყელტერფიანობაც, რომლის წარმოშობის მიზეზებიც ბევრნაირია და აუცილებელია, რომ პროფილაქტიკა და მკურნალობა პატარა ასაკიდანვე დაიწყოს. 
 
 
რაც შეეხება პრევენციას, მხოლოდ ფიზიკური აქტივობა გამოსავალი არ არის. მაგალითად, ადამიანს აწუხებს ხერხემალი და ვიღაცამ ურჩია ვარჯიში, მხოლოდ სხვისი გამოცდილებით მოქმედება არ შეიძლება, როდესაც დაზიანებული არის კუნთური მასა, ამ დროს მარჯვენა პარავერტებრალური კუნთი უფრო მოჭიმული არის ვიდრე მარცხენა, ასეთ შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანი იწყებს აქტიურად ვარჯიშს დაზიანება უფრო იმატებს, საჭიროა პრობლემაზე სწორად შერჩეული პროფესიონალური მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს შედეგს მივიღებთ. 
 
ხერხემლის პრობლემები ბავშვებში
 
მშობლები მუდმივად უჩივიან ბავშვებში სკოლიოზსს, ადრე, იგივე ჩვენს ბავშობაში, როგორ ფიქრობთ არ იყო ეს პრობლემა ამ დოზით? თუ მაშინაც იყო, მაგრამ საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ რომ დედებს მათ შვილებში ეს შეენიშნათ?
 
- რასაკვირველია პრობლემა ადრეც იყო, მაგრამ არა ამ დოზით. ადრე პატარაობიდანვე აჩვევდნენ ბავშვებს ფიზიკურ აქტივობას. ისინი ტელეფონებისა და პლანშეტების ნაცვლად, ეზოში ერთმანეთთან თამაშობდნენ და მუდმივ მოძრაობაში იყვნენ, შესაბამისად ხერხემალსაც არ ჰქონდა ამხელა დატვირთვა. ვითარების გაუარესებას ხელი შეუწყო თანამედროვე სკოლის მძიმე ჩანთებმაც.
 
რა შეიძლება მშობელმა ადრეული ასაკიდანვე გააკეთოს იმისთვის რომ ბავშვს სკოლიოზი არ განუვითარდეს? რამდენად შესაძლებელია ამის თავიდან აცილება თუ გენეტიკურად არის ორგანიზმი მიდრეკილი?
 
- მშობელმა ადრეულ პერიოდშივე უნდა მიმართოს სპეციალისტს, რომელიც შეისწავლის ხერხემალსა და კუნთურ მასას, მისცემს რჩევებს, დაუნიშნავს მასაჟებს და ასე შემდეგ… ასევე, გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორიც, თუ მაგალითად დედას აქვს სქოლიოზი, იმის ალბათობა რომ შვილსაც ექნება 95% -ია.
 
სკოლიოზი ბავშვებში და ფიზიკური აქტივობები - ეს ის საკითხია რაზეც მშობლები ხშირად კამათობენ აქ ზოგი ამბობს რომ ბალეტია კარგი, მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ არ შეიძლება, იგივე სამეჯლისო და ქართულ ცეკვაზე, ასევე საუბარია და ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ სქოლიოზის შემთხვევაში ცურვა ძალიან კარგია, რას გვეტყვით რომელი მათგანია სწორი?
 
- ძალიან ხშირად ხდება ასე საქართველოში, ვიღაცამ შვილი ცეკვაზე იმიტომ შეიყვანა რომ სხვამ ურჩია. ეს არ ეხება კონკრეტულად ცეკვას, ზოგადად ასეთი მიდგომა მავნებლურია, არ არსებობს ერთი ფორმულა, ყველა ბავშვის პრობლემას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. როდესაც ვამბობთ, რომ კუნთურ მასაში დაზიანებაა, რაც აუცილებლად ექნება, ვინაიდან ადამიანი არის ან მემარჯვენე ან მემარცხენე, აქედან გამომდინარე უკანა კუნთი უფრო განვითარებულია. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს შეფასება სპეციალისტის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ მკურნალობის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი აქტივობა იქნება ცურვა. მაგრამ ჩვენ რომ ბავშვი ცურვაზე სქოლიოზით წავიყვანოთ, იმ მომენტში პრობლემა არ გამწვავდება, კუნთური მასა შეივსება და გაძლიერდება, მაგრამ როდესაც ბავშვი თავს დაანებებს ცურვას კუნთური მასა ჩამოიშლება და პრობლემა გამწვავდება. 
 
აქვე მინდა გკითხოთ სუპინატორებზე, ე.წ ორთოპედიულ ფეხსაცმელებზე, რამდენად სასურველია ისინი და რა შემთხვევაში?
 
- როდესაც ძალიან დიდი დააზიანებაა და ბრტყელი ტერფი არის, ასეთ დროს შეიძლება დაეხმაროს სუპინატორი, მაგრამ როცა დაწყებითი სტადიაა არ არის სასურველი, რადგან მთელი დღის განმავლობაში ბავშვი სუპინატორით ვერ ივლის, გაიხდის და სახლის ფეხსაცმელს ჩაიცმევს ან ფეხშიშველი იქნება, ასეთ სიტუაციაში სუპინატორი აუარესებს დაზიანებას.
 
გამოსავალი სწორ მკურნალობაშია
 
თუ ადამიანს ხერხემლის თიაქარი აქვს, ის ყველა შემთხვევაში საოპერაციოა? რა არის მისი გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად და რისი გაკეთება შეიძლება ტკივილის შესამსუბუქებლად, ვგულისხმობ ფიზიკურ აქტივობას, ფიზიკური შრომისგან თავშეკავებას, მასაჟს და ა.შ
 
- ძირითადად ადამიანები მომმართავენ რომლებსაც სამი ან ოთხი ოპერაცია აქვთ ჩატარებული და მაინც აუტანელი ტკივილი აწუხებთ. თუ კუნთური მასა არ არის ფორმაში იწვევს ტკივილებს. უნდა გავაძლიეროთ კუნთური მასა, დავუნიშნოთ შესაბამისი ვარჯიშები და პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. არა მხოლოდ ტკივილი შევუმსუბუქოთ, არამედ მისი სირთულის მიუხედავად უნდა მოვარჩინოთ.
 
 
რა კავშირია ხერხემლის ამა თუ იმ დაავადებასა და სხეულის სხვა ორგანოების არსებულ პრობლემებს შორის? რა შემთხვევაში შეიძლება თავის, ხელის ან ფეხის ტკივილი ხერხემლის პრობლემით იყოს გამოწვეული?
 
- თუ მაგალითად ადამიანს კისრის თიაქარი აქვს, მას აუცილებლად უბუჟდება ხელები, მერე კი გადადის ტკივილში, იმიტომ, რომ მთლიანად ნერვი ზიანდება და სისხლის მოძრაობა ირღვევა. იგივე ხდება, ფეხზე წელის თიაქარის დროს, როდესაც ნერვია დაზიანებული ტკივილი იწყება წელიდან და ქვედა კიდურებამდე ვრცელდება.
 
და ბოლოს, ხერხემლის პრობლემის არსებობისას, აქვს თუ არა მნიშვნელობა კვებას და რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც გართულებული არ აქვთ მდგომარეობა, თუმცა ტკივილებს უჩივიან?
 
-  თუ ადამიანი არ იკვებება ჯანსაღად, არ ერიდება ცხიმიან და შემწვარ საკვებს, ხშირ შემთხვევაში უყალიბდება წონის პრობლემა, რაც უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე, ვინაიდან იწვევს კუნთური მასის ჩამოშლას. ამიტომ მიზანშეწონილია ჯანსაღი კვება და წონის კონტროლი. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, პირველი და აუცილებელი რჩევა ჩემგან იქნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ თვითმკურნალობას, ან ვინმეს რჩევით გარკვეული ვარჯიშების დაწყებას. მიმართეთ სპეციალისტს დროულად, რათა გართულებები თავიდან იქნეს აცილებული. 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
4464