BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ახლა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა.
 
„მე მინდა მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მინდა დაგისვათ კითხვა: მე ეს რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის. ტყვედ აყვანის წინ.
 
მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული. ხალხი, პრაქტიკულად, არ იღიმება. ხალხი არის ძალიან გაუბედურებული. მე მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა?! არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიმდინარეობისას.
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.
 
მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ ეძლეოდა თავის სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ, 29 ნოემბრის პროცესს ესწრება და სხდომა რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
295