BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

IMF: საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი საფრთხე ვაქცინაციის შეფერხება იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან წლევანდელი კონსულტაციების, მათ შორის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის შედეგების განხილვა შეაჯამა.
 
ფონდის ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, COVID-19-ის კრიზისმა საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა. პანდემიასთან საბრძოლველად აუცილებელმა შიდა მობილობის შეზღუდვამ და ტურიზმის განვითარების შეფერხებამ გამოიწვია 2020 წელს, ეკონომიკის 6.2%-ით შემცირება და 1990-იანი წლების შემდეგ, წარმოების ყველაზე დიდი მოცულობით კლება. გაიზარდა სიღარიბე და უმუშევრობა, რამაც უკან დახია ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის დიდი ნაწილი.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება შესაბამისი იყო, მან გააძლიერა ჯანდაცვა და დაეხმარა მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესს, რასაც ხელი შეუწყო დონორების მნიშვნელოვანმა დახმარებამ.
 
სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანს, საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო და მოსალოდნელია, რომ 2021 წელს მიაღწევს 7.7%-ს, რაც წინა მოლოდინთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და გულისხმობს, რომ წარმოების მოცულობა 2019 წლის დონეს გადააჭარბებს.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ფულადი გადარიცხვების და ექსპორტის მდგრად ზრდას და ტურიზმის მოსალოდნელზე მეტად გამოცოცხლების ადრეულ ნიშნებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დეფიციტის შემცირებას. ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ გაზრდილია ინფლაცია, რომელმაც აგვისტოში 12.8%-ს მიაღწია, თუმცა მოელის, რომ პანდემიით გამოწვეული დროებითი ფაქტორების მოხსნის შემდეგ, 2022 წელს ინფლაცია სწრაფად შემცირდება.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკის აღდგენის პროცესში მთავარ რისკებად ასახელებს COVID-19-ის ვარიანტებს, ან ვაქცინაციის შეფერხებას. ერთ-ერთ ფაქტორად დასახელებულია მაღალი დოლარიზაციაც.
 
ფონდის მიერ საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამამ დაასკვნა, რომ ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მარეგულირებელი რეფორმები და COVID-19-ის შოკის შემდეგ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები დაეხმარა ფინანსური სექტორის განმტკიცებას.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს ვაქცინაციის ძლიერი ტემპის აუცილებლობას, რათა პანდემიის მომავალი რისკების გათვალისწინებით მოხდეს ეკონომიკის გაუმჯობესების დაწყებული პროცესის გაძლიერება.
251