BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 33%-ით შემცირდა - Colliers Georgia

ბათუმში, 2021 წლის აგვისტოში 1 011 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 33%-ით ნაკლებია, - აღნიშნულის შესახებ recov.ge-ზის უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
 
Colliers International Georgia-ს მონაცემებით, ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 39%-ით შემცირდა და 42 მლნ დოლარი შეადგინა.
 
2021 წლის აგვისტოში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 895 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით ნაკლებია.
 
„კლება შესაძლოა გამოწვეული იყოს შემცირებული ტურიზმის ირიბი გავლენით, აგრეთვე, 2019 წლის აგვისტოში ერთ-ერთ მსხვილ დეველოპერულ პროექტში ტრანზაქციების მასიურად დარეგისტრირებით (დაახლოებით 600 ტრანზაქცია)“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
 
აღსანიშნია, რომ ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით გაიზარდა.
 
2021 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 12%-ით, 5 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
 
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი ტრანზაქციების რაოდენობა 66%-ით შემცირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, აქ ტრანზაქციების რიცხვი 46%-ით შემცირდა და 199 ერთეული შეადგინა.
197