BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კომპანია „ლისი რეკრეაცია“ განცხადებას ავრცელებს

 
ბოლო დღეებში ლისის ტბასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია “ლისი რეკრეაციას” სურს მეტი სიცხადისთვის გაგაცნოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
"მას შემდეგ რაც ლისის ტბის გარშემო ტერიტორია გადავიდა ლისი დეველოპმენტის საკუთრებაში, ტბა ყოველთვის იყო და რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. მას შემდეგ, კომპანია მუდმივად ზრუნავს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მოვლაზე, გამწვანებასა და განვითარებაზე, კომპანიამ წლების განმავლობაში მილიონობით ლარი დახარჯა და ხარჯავს ტბის გარშემო ტერიტორიის დასუფთავებაზე, კეთილმოწყობასა და გამწვანებაზე. მოეწყო არაერთი სკვერი, დასასვენებელი სივრცე, საბავაშვო და სავარჯიშო მოედნები. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერიასთან ერთად ტბის გარშემო გაკეთდა სარბენი და ველო ბილიკი. ამ სამუშაოების შედეგად შენარჩუნებული იქნა ყველა ბუნებრივი ტბის მკვებავი არხი.
 
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ტბა არ წარმოადგენს ლისი დეველოპმენტის საკუთრებას, კომპანიას არაერთი მცდელობა ქონია ტბის მოვლისა და შევსების, სხვადასხვა ფორმით; მაგალითად თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობდა მდ. მტკვირდან წყლის ამოქაჩვის პროექტზე, რომლის აღსრულების დაფინანსებაზეც სრულ მზადყოფნას გამოთქვამდა. სამწუხაროდ, მდ. მტკვრის წყლის დაბინძურების ხარისხი საფრთხეს შეუქმნიდა ლისის ტბის არსებულ ეკოსისტემას, გამომდინარე აქედან აღნიშნული პროექტი ვერ შედგა.
 
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს ტბის შესწავლით სამუშაოებს, რათა დაადგინოს რამდენად უსაფრთხოა ის მოცურავე დამსვენებლებისთვის.
 
კომპანიამ დამატებით ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა ტბის შევსების შესასწავლად, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტბის შევსების მთავარ წყაროს წარმოადგენს ბუნებრივი ნალექი. დღესდღეობით, სამწუხაროდ ბუნებრივი ნალექი ბევრად ნაკლებია ტბის წყლების აორთქლების სიხშირესთან მიმართებაში, რაც ტბის დონის შემცირების რეალური მიზეზია.
 
კომპანია ლისი რეკრეაციის მიერ ტბაში ათეულობით ათასი თევზი იქნა გაშვებული, მათ შორის თეთრი ამური, კარასი, საზანი. თევზები იკვებებიან ლერწმით და ტბაში არსებული სხვა წყალმცენარეებით, შედეგად კი ასუფთავებენ წყალს.
 
ასევე ტბის ეკოსისტემაზე და სისუფთავეზე ზრუნვის მიზნით კომპანიამ შემოღობა გარშემო ტერიტორია, პირუტყვის და სხვა ცხოველების შემოჭრისგან თავის ასარიდებლად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი ზრუნავს დამსვენებლების უსაფრთხოებასა და ჯასნაღ დასვენებაზე.
 
ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის დღიდან, ლისი რეკრეაციამ ათასობით ხე და ნერგი დარგო, ასევე მოაწყო ალვის ხეების ბუნებრივი საქარე ალეა. აღსანიშნავია რომ კომპანია არ აწარმოებს ტბის გარშემო არავითარ სამშენებლო სამუშაოებს, ზრუნავდა და ყოველთვის იზრუნებს ტერიტორიის რეკრეაციული მიმართულებით განვითარებაზე.
 
კომპანია დღესაც მუშაობს ტბის ხელოვნურად შევსების სხვა შესაძლო ვერსიებზე და შესაძლებლობის შემთხვევაში მუდმივ მზადყოფნას გამოთქვავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
256