BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 10%-ის დონეზე შენარჩუნდება. 
 
სებ-ის განმარტებით, ამჟამად არსებული რეკორდულად მაღალი ინფლაციის მიუხედავად, მისი დონე 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია "მნიშვნელოვნად შემცირდება", რის გამოც სებ-ი ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის დამატებითი ზრდისგან თავს იკავებს. 
 
"ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში, პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. საქართველოშიც აგვისტოს წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი, 12.8% შეადგინა. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ძირითადად, კვლავ ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, მსგავსი ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდადი დინამიკა გლობალურად აძვირებს იმპორტულ პროდუქციას. აგვისტოს მონაცემებით, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებისა, იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.7%-მდე დაჩქარდა, რაც ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას (8.2 პროცენტი) მნიშვნელოვნად აღემატება. რაც შეეხება შიდა მოთხოვნას, ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის ტემპმა მოიმატა, თუმცა ის ამ ეტაპზე ზომიერია და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას არ ქმნის. ამასთან, სესხების ზრდა და მოთხოვნაზე მისი გავლენა ეროვნული ბანკის განსაკუთრებული ყურადღების საგანია.
 
მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელი იქნება და, ამასთან, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, კომიტეტმა განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა. მიმდინარე წლის დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე დამატებითი გავლენა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტს ექნება. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.
 
საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი წლიურად 26%-ით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 7%-ით აჭარბებს. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი პირველ რვა თვეში წლიურად 46%-ით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება 69%-ია. გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც და იანვარ-აგვისტოში მისი 21%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 1 პროცენტით აღემატება.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება.
356