BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

როგორ უნდა მიიღოთ ცნობა ვაქცინაციაზე თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით? - სამინისტროს განმარტება

ვაქცინირებულ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
 
ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას მოიცავს:
 
• ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;
• ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი;
• სამედიცინო დაწესებულების დასახელება;
• ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
უწყებაში განმარატვენ, რომ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოითხოვოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
 
მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ. '
 
იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში.
 
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე.
612