BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინოა გამოყენებული, სამართლებრივ რეგულირებას დაექვემდებარება - ამ მიზნით ცვლილებები შედის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.
 
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიას ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რათა პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინოა გამოყენებული, დაექვემდებაროს სამართლებრივ რეგულირებას.
 
„ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას, მაღალხარისხიანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ავტორიტეტის შენარჩუნებასა და ზრდას, საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას.
 
მისი თქმით, დღემდე კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა ღვინისეული სასმელი-ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი და დეალკოჰოლიზებული ღვინო, მაშინ როცა ადგილობრივ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა ზემოაღნიშნულ სასმელებზე. შესაბამისად კანონს ემატება შემდეგი ტერმინები: „დეალკოჰოლიზაცია“, „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, „ღვინისეული სასმელი“, ასევე დადგენილი იქნება სპირტშემცველობა და დამზადებისათვის საჭირო ღვინის მოცულობა, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) „ენოლოგიური პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსი“.
 
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროექტით საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი დაექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას, რამაც ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ხარისხიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს, ამასთანავე, ცვლილებები კანონში მაქსიმალურად შეამცირებს ფალსიფიცირებული პროდუქტის რეალიზაციის რისკს.
 
ცვლილებები შედის ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვით, საჯარიმო სანქციები თითოეულ სამართალდარღვევაზე გახდება კონკრეტული და შეადგენს 1000 ლარს, განმეორების შემთხვევაში კი -2000 ლარს.
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
266