BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რა გზით აპირებს მთავრობა შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი? - მინისტრის განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში უნდა მოხდეს ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება. როგორც მან ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, "ადგილობრივი წარმოება არის ეკონომიკის ქვაკუთხედი".
 
„რა გზით ვაპირებთ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი? - ეს არის ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება. ადგილობრივი წარმოება, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოებინა. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა.
 
ეს არის მსოფლიო მომხმარებლის, დაახლოებით, 30%.
 
მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში კონკრეტულ ქვეყნებთან - დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, აშშ-თან, იმისთვის, რომ ჩვენ 2025 წელს შევძლოთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვქონდეს51 ქვეყანასთან, 2030 წელს კი - სულ მცირე 57 ქვეყანასთან და ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ადგილობრივი წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი, რომელიც ჩვენს შიდა ბაზარზე გამოდევნის და ჩაანაცვლებს ბევრი მიმართულებით იმპორტს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ადგილობრივი წარმოების იმდაგვარი განვითარება, რომ გავზარდოთ ექსპორტი და ჩავანაცვლოთ იმპორტი რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
 
მისივე თქმით, საქართველოს პოტენციალი ძალიან დიდია სასურსათო მიმართულებით, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებით, ისევე როგორც არასასურსათო წარმოებების კუთხით.
218