BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.5 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს.
 
„ნიშანდობლივია, რომ ინფლაციური პროცესების გააქტიურება გლობალურად შეინიშნება, თუმცა ეს პანდემიის თანმდევ დროებით მოვლენად მიიჩნევა. საქართველოში მაისის წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა და გაცვლითი კურსის წინა პერიოდებში გაუფასურების ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელზე იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენა კვლავ მაღალია. ამასთან, გლობალურად მზარდი ნავთობის ფასები საწვავის გაძვირებასა და, შედეგად, ინფლაციაში მისი წვლილის მატებას განაპირობებს. გარდა ამისა, თბილისში გაზის ტარიფის ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაიზრდება. ნიშანდობლივია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამატებით დროებით გაზრდის.
 
რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, წინასწარი ინდიკატორები მის მნიშვნელოვან გააქტიურებაზე მიუთითებს, რაც მანამდე არსებულ პროგნოზებზე მაღალია. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა წლის პირველ ოთხ თვეში წლიურად 8.1 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბა. ამასთან, გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური სტიმულიც ნარჩუნდება. ჯამურად, შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს იმპორტის გააქტიურებაც. აღნიშნული ფაქტორების საპირწონედ, გაზრდილია საგარეო შემოდინებები, რაც სავალუტო ბაზრის პოზიტიურ დინამიკასა და, შედეგად, ინფლაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს. მოსალოდნელია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7 პროცენტი იქნება. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებითა და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
 
როგორც აღინიშნა, საგარეო მოთხოვნის გააქტიურების ნიშნები იკვეთება, თუმცა, ჯამურად - ტურიზმის გათვალისწინებით - პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, შემცირებული რჩება. წინასწარი მონაცემებით, მაისში საქონლის ექსპორტი 45 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი მაისში წლიურად 8-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება 73 პროცენტია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის მაღალი განაკვეთის პირობებში გაზრდილია არარეზიდენტების დაინტერესება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით, რაც სავალუტო შემოდინებების დამატებითი წყაროა. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, გააქტიურებული ადგილობრივი მოთხოვნის ფონზე, მაისში 40 პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაისის მაჩვენებელს დაახლოებით 6 პროცენტით ჩამორჩება.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 4 აგვისტოს ჩატარდება.
367