BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბიზნესი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს - BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით აპრილში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა.
 
კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებასა და მოლოდინს ემყარება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოკითხვის თანახმად, მეორე კვარტალში ბიზნესი არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიურად აფასებს, თუმცა ბიზნესის მოლოდინი ოპტიმისტურია. საერთო ჯამში, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია და აღმასვლის მეოთხედში ხვდება.
 
კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად იყოფა: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
 
2021 წლის II კვარტალში, BAG ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის გაუმჯობესდა. ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში როგორც მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, ასევე მოლოდინიც გაუმჯობესებულია. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის III კვარტლის შემდეგ უმჯობესდება, ხოლო მოლოდინი, მცირედი გაუარესების მიუხედავად, კვლავ პოზიტიურია.
 
მშენებლობის სექტორი, 2020 წლის III კვარტლიდან მოყოლებული, მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს. 2021 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი ერთადერთია, სადაც არცერთი კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა. სხვა სექტორებისაგან განსხვავებით, მშენებლობის სექტორის მოლოდინიც საგრძნობლად პესიმისტურია. მაშინ როდესაც სხვა სექტორებში გამოკითხულთა 60%-70% მესამე კვარტალში გაყიდვების ზრდას მოელის, მშენებლობის სექტორში მსგავსი მოლოდინი მხოლოდ 13 %-ს აქვს.
 
BAG ინდექსი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას ემყარება. შესაბამისად, BAG ინდექსი საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
280