BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება - ღვინის ეროვნული სააგენტო

რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი, ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს  ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს . 
 
„ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.) შეგროვებით იქმნება. ვენახების რეგისტრაცია მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებზე ხდება. საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა და არ საჭიროებს იუსტიციის სახლში მისვლას - ვენახების კადასტრს კავშირი არ აქვს მიწის კადასტრთან, ეს არის ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზა. ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა. მცდარია რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი, რომ ისინი არ იყვნენ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული. ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ ყველა მევენახეს, იყვნენ ყველა ნაკვეთში, მიმდინარე წლის თებერვლიდან კი, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღნიშნულ თემაზე შეხვედრები დღემდე ინტენსიურად მიმდინარებს“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. 
 
მათივე ცნობით, 2021 წლის რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე ფერმერი ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. მიმდინარე წლიდან, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. 
 
ვენახების კადასტრის პროგრამა სატესტო რეჟიმში 2018 წელს ამოქმედდა „ქინძმარაულისა“ და „ყვარლის“ მიკროზონებში. 2019 წლიდან, ვენახების კადასტრის ამონაწერით ყურძენს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების მევენახეები აბარებდნენ. 
 
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.  საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს.
 
ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე. უახლოეს დღეებში დაემატება ახალი სარეგისტრაციო უბნები. დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.
საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორებიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. 
364