BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს ამაყი და ემოციებით სავსე ვარ - კალაძე

დღეს ქალაქის განვითარების შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა.
 
კალაძემ საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად, როგორც გზების და ხიდების რეაბილიტაციის, ასევე კონკრეტული ქუჩებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა. 
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით პოლიტიკის მთავარი პრინციპი არა ფასადური, არამედ ფუნდამენტური რეაბილიტაცია იყო, რაც მომავალშიც შენარჩუნდება.
 
"ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები და თბილისში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა 2017 წელთან მიმართებაში. 
 
წარსულს ჩავაბარეთ ის მანკიერი პრაქტიკა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ფასადურად ხორციელდებოდა. აუცილებელი იყო ფუნდამენტურად მომხდარიყო განახლება და ცვლილება, და არამხოლოდ მოასფალტებით, შესაბამისად, ყველა იმ ადგილას, სადაც მოხდა მოასფალტება, პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომლისთვისაც ხელი ბოლო წლებში არავის უხლია,"- აღნიშნა ანგარიშის წარდგენის დროს თბილისი მერმა კახა კალაძემ.
 
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება სრულად მოწესრიგდეს.
 
"რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევა. გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. 
695