BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

Fidelity-იმ „საქართველოს ბანკის“ 6.15% შეიძინა

ამერიკულმა Fidelity Investments Inc.-მა, რომელიც მსოფლიოში აქტივების მართვის ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდია, 2020 წელს საქართველოს ბანკის მშობელი კომპანიის, Bank of Georgia PLC-ის 6.15%-იანი წილი შეიძინა. Fidelity Investments-ი, თავდაპირველად, ბანკის აქციონერთა რიგებში 2020 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდა და მას ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ბანკის 4.14% ეკუთვნოდა, მესამე კვარტლის ბოლოს მისი წილი 4.66%-მდე გაიზარდა, 2020 წლის 31 დეკემბრისთვის კი, ის "საქართველოს ბანკის" აქციათა 6.15%-იან პაკეტს ფლობდა.
 
ამ დროისთვის აქციების ამ პაკეტის ღირებულება 28.72 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მთლიანად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 467 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
 
საქართველოს ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მათი უმსხვილესი აქციონერების სია ასეთი იყო:
 
1 სს “საქართველოს კაპიტალი” - 19.90%;
2 Fidelity Investments - 6.15%;
3 Harding Loevner LP - 4.50%;
4 Van Eck Associates Corporation - 3.26%;
5 Dimensional Fund Advisors (DFA) LP - 3.04%
6 Prosperity Capital Management Ltd - 2.80%;
7 Norges Bank Investment Management 2.56%;
8 Standard Life Investments - 2.14%;
9 Vanguard Group Inc - 2.09%;
10 Firebird Management LLC - 1.83%.
 
Fidelity Investments Inc -ი 1946 წელს დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და საბროკერო კომპანიაა, ის ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 4.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს მართავს. მისი კლიენტები ფონდები აქტივების მმართველი კომპანიები არიან. შესაბამისად, Fidelity-ი შესაძლოა “საქართველოს ბანკის” აქციების შუამავალი მფლობელი იყოს და აქციათა ეს პაკეტი Fidelity-ის გავლით, სხვა მხარეს ეკუთვნოდეს.
 
ახალ აქციონერთა შორისაა ასევე, Prosperity Capital Management-ი (2.8%-ით), რომელიც ინვესტიციებს ძირითადად რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ახორციელებს.
 
950