BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ახალი „ბრიტანული შტამი“ უფრო ადაპტირებულია ადამიანზე, შესაბამისად, უფრო გადამდები და საშიშია“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენარალური მდივნის მრჩევლის, დამოუკიდებელი ექსპერტის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის განცხადებით, დადასტურებული 31 შემთხვევა ეპიდემიოლოგიური და მეცნიერული თვალსაზრისით ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ახალი "ბრიტანული შტამი" შემოსულია. 
 
“ის რომ მძიმედ იყვნენ ეს ადამიანები თუ არა, ამაზე საუბარი მაგონებს იმ არაპროფესიონალურ მიდგომას, რაც ეპიდემიოლოგებს ქონდათ კოვიდით გარდაცვლილებთან დაკავშირებით, როცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადამიანს ქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები და ამიტომ გარდაიცვალა და არა იმიტომ, რომ კოვიდი იყო ინფიცირებული! კოვიდი რომ არ ქონოდა, ხომ არ გარდაიცვლებოდა?! რა შუაშია თანმხლები დაავადებები?!“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო “Business Time” - თან.
 
პროფესორმა "ბრიტანულ შტამზე" საუბრისას მოიყვანა ჩეხეთის მაგალითი და თქვა, რომ ეს არის მაგალითი იმის, თუ რა არ უნდა გააკეთოს  ქვეყანამ. 
 
“ჩეხეთის მაგალითი გვაქვს, გახსნეს ყველაფერი და ახლა აქვთ ის ვითარება, რომ ხვალიდან საერთოდ იკეტება ჩეხეთი. ჩეხეთში მთავარი ეპიდემიოლოგი გადადგა თანამდებობიდან, ჩვენთან ჯერ გადადგომას არავინ აპირებს და საუბრობენ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის და ადვილად გადავიტანეთო. ჩვენ ვართ ახალი ვირუსის დაწყების პროცესში, ნუ თუ ვერ ხვდებით?! ახალი ბრიტანული შტამი არის უფრო ადაპტირებული ადამიანზე, შესაბამისად, ეს უფრო გადამდებია და საშიშია. ძველი ვირუსი თუ გადაედებოდა მაგალითად 5 ადამიანს, ეს გადაედება 7-8 ადამიანს. ევროპაში სადაც გავრცელდა ეს ახალი შტამი, ის რაიონები საერთოდ ჩაიკეტა, კომენდატი საათია და გამკაცრებულია ყველაფერი. ეს ვირუსი თამაშობს ჩვენს ნერვებზე. ჩვენ თუ მივყვებით მეცნიერებას და ვიმოქმედებთ სწორად დავამარცხებთ ვირუსს. ხოლო, ჩვენ, თუ მივყევით ემოციებს, კორუფციას და არაპროფესიონალიზმს, ეს ვირუსი ამას არ გვაპატიებს", - განმარტა სააგენტოსთან საუბრისას გიორგი ფხაკაძემ. 
 
მისივე თქმით, ვირუსი არ პატიობს ემოციებს, არაპროფესიონალიზმს, კორუფციას და ბიზნესინტერესებს.
 
"ვირუსი მხოლოდ პატიობს იმ ქვეყნებს, სადაც პროფესიონალიზმი არის უმაღლეს დონეზე, კორუფცია არის მინიმუმამდე დაყვანილი და მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის მიღებული. ეს პროცესი არის ძალიან ფრთხილად სამართავი და არა ემოციურად. “გავხსნათ - დავკეთოთ , გავხსნათ - დავკეტოთ”, სამწუხაროდ ეს სიტუაცია გვარწმუნებს იმაში, რომ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ. იმედია, რომ მე ვცდები და აპრილში არაფერი ცუდი არ მოხდება“,  - განაცხადა ფხაკაძემ
 
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოეადგილის პაატა იმნაძის  განაცხადებით, ამ დროისთვის ბრიტანული შტამით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებულია. 
 
ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-თან საუბარში აღნიშნა, რომ "ბრიტანული შტამით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა. 3 შემთხვევის კლასტერები იყვნენ, სულ  ბრიტანული შტამით ინფიცირებული იყო 31 ადამიანი. ყველა გამოჯანმრთელდა". 
 
აღსანიშნავია ასევე ის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკია. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
6388