BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

წინასწარი შეფასებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
 
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
 
მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.
 
ამასთან, 2021 წლის იანვარში, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2 835 შეადგინა, რაც 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
464